ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა მოსკოვზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times და Washington Post წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„ვოლოდიმირ, შეგიძლია მოსკოვზე დარტყმა? … შეგიძლია სანქტ-პეტერბურგზეც დარტყმა?“ – ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტმა 4 ივლისს სატელეფონო საუბრის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“, – წერს წყაროზე დაყრდნობით Financial Times.
Financial Times-ის ცნობით, ზარის შემდეგ კიევმა აშშ-ის პარტნიორებისაგან მიიღო შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების სია, რომელთა მიწოდებაც მესამე მხარეებს შეეძლოთ.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Washington Post-ის ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი წყაროებზე დაყრდნობით.
„ტრამპის გადაწყვეტილება პუტინზე ზეწოლის შესახებ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარშიც გამოითქვა, მითხრა წყარომ. ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, თუ რატომ არ დაარტყა მოსკოვს. „შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვცემ“, უპასუხა ზელენსკიმ. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ პუტინზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს და არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ სანქტ-პეტერბურგზეც“, – წერს Washington Post-ის ჟურნალისტი.
Washington Post-ის ჟურნალისტი წერს, რომ ტრამპი, „პატრიოტების“ მიწოდების გარდა, უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გაგზავნასაც განიხილავდა – იგივე იარაღის, რომელიც გასულ თვეში ირანზე დარტყმებისას გამოიყენეს.
„უკრაინიდან გაშვების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე თავდასხმა და ეს საკითხი პარასკევს განხილვის საგანი გახდა. თუმცა, როგორც მითხრეს, „ტომაჰავკები“ ჯერ არ შედის მიწოდების სიაში. მათი განლაგება მოგვიანებით შეიძლება, თუ ტრამპს კიდევ უფრო მეტი ბერკეტის ფლობა სურს“, – წერს Washington Post-ის ჟურნალისტი.
Washington Post-ის ჟურნალისტის წყაროების ცნობით, ტრამპმა ესკალაცია სამი მიზეზის გამო გადაწყვიტა: პირველი, ის თვლის, რომ პუტინი მას პატივს არ სცემს, რადგან ამტკიცებს, რომ მშვიდობისთვის მზადაა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას უგულებელყოფს; მეორე, მან დაინახა აშშ-ის სამხედრო ძალის ეფექტურობა ირანის წინააღმდეგ B-2 ბომბდამშენებისა და „ტომაჰავკის“ რაკეტების გამოყენებისას და მესამე, ის თვლის, რომ პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ ძალის გამოყენების მეტი საფრთხის ქვეშ აწარმოებს.
„საინტერესოა, რომ ორშაბათს, ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს, ტრამპმა უარი თქვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე: თუ პუტინი გადაწყვეტს კიდევ უფრო მეტ ესკალაციას, საპასუხოდ რამდენად შორს წასასვლელად ხართ მზად? „ნუ დამისვამთ ამ კითხვას: „რამდენად შორს?“ – მკაცრად უპასუხა ტრამპმა. „მე უბრალოდ მინდა, რომ ომი დასრულდეს“, – ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში.
ამასთან, ტრამპმა 15 ივლისს BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია, მაგრამ პუტინთან ურთიერთობა არ დაუსრულებია“.
14 ივლისს, ტრამპმა გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, უკრაინა მიიღებს ამერიკულ იარაღს, თუმცა საფასურს ევროპელი მოკავშირეები დაფარავენ.
ტრამპმა ასევე გამოაცხადა უკრაინაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესახებ.
„მათი ნაწილი ძალიან მალე ჩამოვა – სინამდვილეში, რამდენიმე დღეში. რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც აქვს „პატრიოტები“, აპირებს მათ „გაცვლას“ და ჩვენ „პატრიოტებს“ მათ მიერ არსებულით შევცვლით“, – განაცხადა ტრამპმა.
