ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებაში საქართველოსთვის ბევრი საფრთხეებს ხედავს, თუმცა, ანალიტიკოსი თეიმურაზ ზაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არც კი ღირს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას თეიმურაზ ზაქრაძე განმარტავს, ზანგეზურის დერეფნის იდეა ტრამპმა პუტინისა და ზოგადად, რუსეთის გადარჩენის მიზნით წამოაყენა.
„ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ აბრეშუმის გზის აღდგენას ტრამპი შეაჩერებს, ყოველ შემთხვევაში, შეაფერხებს მაინც. მისი ყველა ქმედება, რაც კი ხდება დღეს, სწორედ იქით არის მიმართული, რომ აღმოსავლეთ ევროპაზე მოსკოვმა გავლენა არ დაკარგოს, ამისთვის იღვწის ეს კაცი.
საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენის სფეროების შენარჩუნება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვმა ისევ რესპუბლიკური პარტიის დახმარებით მოახერხა და დსთ-ს ქვეყნები რომ გაკეთდა, ჩვენც შეგვათრიეს.
მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ვერ იარსებებს, თუ აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლის საშუალება არ ექნება ეკონომიკის, მიწების მიტაცების მეშვეობით და ასე შემდეგ. ტრამპისა და მთელი მისი ბრიგადის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მოსკოვის იმპერია როგორმე გადაარჩინონ. ამიტომ მოიფიქრეს ეს ზანგეზურის დერეფანიც“, – აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.
ანალიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ ზანგეზურის დერეფნის ამუშავება, თუ ეს საერთოდ მოხდა, კარგიც იქნება, რადგან საქართველოს მეზობლების შერიგებას დადებითი შედეგები მოჰყვება. ამასთან, თუნდაც ამუშავდეს ზანგეზურის დერეფანი, ძირითადი ტვირთები მაინც საქართველოზე გაივლის.
„კავკასიის ლიდერი და ვარსკვლავი არის საქართველო. საქართველოს გარეშე ზღვაზე გასასვლელი არც აზერბაიჯანს აქვს, არც – სომხეთს, საქართველოს გვერდს ვერავინ აუვლის. ეს გადასარევად იცის მოსკოვმაც, ევროპამაც და ამერიკამაც.
რომც ამუშავდეს და ღმერთმა ქნას, ამუშავდეს კიდეც, მთავარი ღერძი მაინც აბრეშუმის გზა იქნება. როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ეკონომიკური კატეგორიებით უნდა ვაზროვნებდეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ამის გამოცდილება არ არის და ამიტომ ევროპა ჰგონიათ სულელი. სინამდვილეში, ევროკავშირი არის თავისუფალი ვაჭრობის ზონა, ანუ ყველა შემავალი ქვეყანა არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკებით, რაც არის წესიერი ცხოვრებისა და დემოკრატიული წყობილების გარანტია. ამ თავისუფალი ვაჭრობის ზონაში რომ მოვხვდებით, ჩვენც მოგვეთხოვება დეოლიგარქიზაცია. რა თქმა უნდა, თავისუფალი ბაზარი ორგანულად სძულს ოლიგარქიას, რადგან ფულს ვეღარ გააკეთებენ და ამას ყველანაირი მეთოდებით ეწინააღმდეგებიან“, – ამბობს თეიმურაზ ზაქრაძე.




