დონალდ ტრამპმა, 15 ივლისს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვენსი აირჩია.
მან განცხადება თავის სოციალური მედიის ვებგვერდზე “ტრუთ სოშიალზე” გააკეთა.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ და მრავალი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, სენატორი ოჰაიოს დიდებული შტატიდან, ჯ.დ. ვენსია”, – წერს ტრამპი.
ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოს ამომრჩევლებში ღრმად პოპულარულია. მაგრამ, მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვენსმა, რომელიც რეპსუბლიკურ შტატს წარმოადგენს და მტკიცე კონსერვატორად მიიჩნევა, დონალდ ტრამპს ახალი ამორჩევლები შემატოს. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვენსმა, შესაძლოა, ზოგიერთი ზომიერი ამომრჩევლის გაუცხოებაც კი გამოიწვიოს.
78 წლის ყოფილი პრეზიდენტი, შაბათს, პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას, მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.
ვენსის არჩევისას, ტრამპმა უარი უთხრა სხვა შესაძლო პრეტენდენტებს, როგორიც იყო ამერიკელი სენატორები მარკო რუბიო, ტიმ სკოტი და ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი დუგ ბურგუმი.
სამხრეთ ოჰაიოში პრობლემური და რთული ბავშვობის შემდეგ, ვენსი მსახურობდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში, მოიპოვა სტიპენდია იელის სამართლის სკოლაში და მოგვიანებით მუშაობდა ფინანსურ სფეროში, სან ფრანცისკოში.
მან პოპულარობა მოიპოვა 2016 წლის შემდეგ, როცა დაწერა “Hillbilly Elegy”, წიგნი, რომელშიც ის საუბრობს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქს აწუხებდა და სიღარიბეზე აპალაჩიის მთებში, საიდანაც მისი დედა და მისი ოჯახი არის.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების წინ და შემდეგ, ვენსი დონალდ ტრამპს საჯაროდ აკრიტიკებდა და სხვა ეპითეტებთან ერთად მას “იდიოტი” და “ამერიკის ჰიტლერი” უწოდა.
მაგრამ, როდესაც ვენსი 2022 წელს ოჰაიოში აშშ-ის სენატში კენჭს იყრიდა, ის ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ დამცველად იქცა და მხარს უჭერდა ტრამპს მაშინაც კი, როდესაც ამაზე უარი მისმა ზოგიერთმა თანაგუნდელმა სენატორმა თქვა.
ვენსი იყო სენატში უკრაინის დახმარების გაგრძელების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბევრ რესპუბლიკელ კანონმდებელ ლიდერს.
წინასაარჩევნო კამპანიის კვალდაკვალ, ყოფილი ფინანსისტი ასევე ასრულებდა ხიდის როლს ტრამპის თანამოაზრეებსა და სილიკონის ველის მდიდარ დონორებს შორის, რომელთაგან ბევრმა, მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში, ტრამპი დააფინანსა.
ვენსის არჩევანს თავისი მოწინააღმდეგეები ჰყავს ტრამპის თანამოაზრეებს შორის, ნაწილს სურდა ტრამპს შეერჩია განსხვავებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და ბაიდენი ეროვნული გამოკითხვების უმეტესობაში პრაქტიკულად თანაბარი არიან რეიტინგებით, ტრამპი ქალებსა და შავკანიან ამერიკელებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობით ჩამორჩება დემოკრატ პრეზიდენტს.
ტრამპის ზოგიერთმა თანამოაზრემ ასევე დასვა კითხვა, გონივრული იყო თუ არა ვენსის სენატიდან გადაყვანა, სადაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ზედა პალატის კონტროლისთვის იბრძვიან. ახლა, დემოკრატებს ერთი მანდატით უპირატესობა აქვთ.
ოჰაიოს შტატი, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადად რესპუბლიკელებს უჭერს მხარს, ზოგჯერ, სხვა საარჩევნო რბოლებში დემოკრატებს ირჩევს. 2022 წლის არჩევნებში, ვენსმა ექვსი პროცენტული პუნქტით გაიმარჯვა.