ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი გადააყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და მის დროებით შემცვლელად დანიშნა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ უოლცს გაეროში -ის ელჩად წარადგენდა და დასძინა, რომ „მან დიდი შრომა გასწია ჩვენი ერის ინტერესების წინ დასაყენებლად“.
სახელმწიფო მდივნის დანიშვნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის დროებით შემცვლელად პირველი შემთხვევა იქნება 1970-იანი წლების შემდეგ, როდესაც ერთი ადამიანი ერთდროულად იკავებდა სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებს. 1970-იანებში ამ ორ როლს ერთდროულად ჰენრი კისინჯერი ასრულებდა.
„როდესაც პრობლემა მაქვს, მარკოს ვურეკავ. ის მას აგვარებს“, – განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს თეთრ სახლში ჩატარებულ ღონისძიებაზე.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი გავლენიანი თანამდებობაა, რომელიც სენატის დამტკიცებას არ საჭიროებს. ტრამპს პირველი ვადის განმავლობაში ოთხი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჰყავდა: მაიკლ ფლინი, ჰ.რ. მაკმასტერი, ჯონ ბოლტონი და რობერტ ო’ბრაიენი.
თანამდებობიდან გაათავისუფლეს უოლცის მოადგილე ალექს ნელსონ ვონგიც.
უოლცს აკრიტიკებდნენ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სამთავრობო საქმიანობის წარმოებისთვის არასაიმედო კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებაში.
გასულ თვეში მან პასუხისმგებლობა აიღო Signal-ის შეტყობინებების აპლიკაციაში ჯგუფურ ჩატზე, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები შემთხვევით დამატებული ჟურნალისტის თანხლებით განიხილავდნენ იემენში სამხედრო დარტყმების გეგმას.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
ფორუმი