აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აწარმოონ. ინფორმაციას ,,The Wall Street Journal” მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ წყაროების ინფორმაციით, 7 დეკემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს მთავარი როლი უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. ,,The Wall Street Journal”-ის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს სურს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების ყოფნა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის. წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა დააფიქსირა პოზიცია, რომ აშშ მონიტორინგს მხარს დაუჭერს, თუმცა შტატების ჯარები პროცესში არ ჩაერთვებიან.
,,The Wall Street Journal”-ს თანამოსაუბრე მაღალჩინოსნებმა ასევე განუცხადეს, რომ ტრამპმა ზელენსკისა და მაკრონს უთხრა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ სურს ნახოს “ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა” საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.
გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროპელებს, მეტი გააკეთონ ჩინეთის დასარწმუნებლად, რომ მან კონფლიქტის დასასრულებლად კრემლზე ზეწოლა მოახდინოს.
ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მათი აზრით აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მოქმედების მკაფიო ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს და ტრამპი ძირითადად ისეთ კითხვებს სვამდა, რაც მას რუსეთ-უკრაინის ომზე მოსაზრებების მოძიებაში დაეხმარებოდა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მრჩევლები ამბობენ, რომ ტრამპი ჯერ არ არის ერთგული უკრაინის მიმართ რაიმე კონკრეტული გეგმის და მას ღრმად არ უფიქრია ამ საკითხზე, რადგან ის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. ტრამპის გარემოცვა და გუნდის წევრები ახლა წინადადებებს ამზადებენ და მას აცნობენ. საბოლოო გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღება, რაც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ჩამოყალიბდება და პრეზიდენტი თავად ჩაერთვება მოკავშირეებთან მოლაპარაკებებში. ,,The Wall Street Journal”-თან საუბრისას წყარომ არც ის გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა თავად ვლადიმერ პუტინთანაც კი გაიმართოს.