დღეიდან, 7 აგვისტოდან ამოქმედდა დამატებითი ტარიფები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუწესა ათეულობით სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას.
„შუაღამეა! ტარიფებიდან მილიარდობით დოლარი აშშ-ში მიედინება“, – დაწერა 7 აგვისტოს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დამატებითი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილება გასულ კვირაში მიიღო.
როგორც CNN-ი წერს, თუ ადრე ტარიფები დაახლოებით 10% იყო, ახლა სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის სხვადასხვა გადასახადი მოქმედებს. ზოგიერთი ქვეყნისთვის ტარიფები ეტაპობრივად იზრდებოდა.
საერთო ჯამში, ყველაზე მაღალი ტარიფები ამჟამად დაწესებული აქვთ ბრაზილიას(50%), ლაოსს(40%), შვეიცარიას(39%), სერბეთს(35%).
ტარიფები 30%-ია ალჟირის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და ლიბიისთვის.
გადასახადი 15%-ს აჭარბებს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნისთვის.
15%-იან ტარიფებში მოექცა ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, ისრაელი, თურქეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.
ივლისის ბოლოს აშშ და ევროკავშირიც 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ.
ფორუმი
