აშშ-ში 15 იანვარს აიოვას კოკუსი გაიმართა, რითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, წარსადგენი კანდიდატის გამოსავლენად, რესპუბლიკური პარტია მრავალთვიანი შიდაპარტიული კენჭისყრების პროცესს იწყებს.
კენჭისყრაში ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხმების 51% მიიღო, რითაც მან მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს, რომელსაც რესპუბლიკელი ამომრჩევლების მხოლოდ 21.2%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილზე კი სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი, ხმების 19.1%-ით გავიდა.
აიოვას კოკუსში ტრამპის რეკორდულ გამარჯვებას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოეხმაურა. ბაიდენის თქმით, შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო რბოლაში რესპუბლიკელებს შორის ტრამპი აშკარა ლიდერია. ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში ამომრჩევლებს ყოველთვის მოუწევდათ არჩევანი მასსა და ტრამპის მომხრე ექსტრემისტ რესპუბლიკელებს შორის გაეკეთებინათ.
“არჩევნებში მე და თქვენ (რედ. ბაიდენი ამომრჩევლებს მიმართავს) ყოველთვის მოგვიწევდა MAGA (რედ. ტრამპის სლოგანი “Make America Great Again”) რესპუბლიკელების პირისპირ ყოფნა”. – წერს ბაიდენი X-ზე.
რესპუბლიკური პარტიის მომავალი შიდაპარტიული კენჭისყრა ნიუ ჰემპშირის პრაიმერისზე გაიმართება, სადაც ბოლო კვლევებით, ნიკი ჰეილის ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს. Decision Desk HQ-ისა და გამოცემა The Hill-ის კვლევით, ნიუ ჰემპშირში ტრამპს 42% უჭერს მხარს, ჰეილის – 31%, რონ დესანტისს კი – მხოლოდ 7%.
მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი კანდიდატები კოკუსებსა და პრაიმერის კენჭისყრებზე წარმატებული შედეგის დადებით შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს 2 500 დელეგატიდან, სულ მცირე, 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება. აიოვას კოკუსში ტრამპმა 20 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო, დესანტისმა 8-ის და ჰეილიმ 7-ის.