ტრამპი: 1 აგვისტოდან 30 პროცენტიანი გადასახადი ამოქმედდება იმპორტზე ევროკავშირიდან და მექსიკიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ივლისს 30 პროცენტის ოდენობის გადასახადები დააწესა იმპორტზე მექსიკიდან და ევროკავშირიდან, ახალი გადასახადი 1 აგვისტოდან შევა ძალაში. ამ განცხადებას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში გაგრძელებული მოლაპარაკება მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, რასაც შედეგად არ მოჰყოლია ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.
ახალი გადასახადი ცალ-ცალკე გამოქვეყნებული წერილებით გამოცხადდა ტრამპის სოციალურ ქსელში Truth Social.
მექსიკის ლიდერისადმი გაგზავნილ წერილში ტრამპი აღიარებს, რომ ამ სახელმწიფომ ბევრი გააკეთა უკანონო მიგრანტების და პრეპარატ ფენტანილის -ში შესვლის აღსაკვეთად. მაგრამ – ამბობს ტრამპი – მექსიკამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა საიმისოდ, რომ ჩრდილოეთი ამერიკა არ გადაიქცეს “სათამაშო მოედნად ნარკო-ტრეფიკინგისთვის”.
ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს პრობლემას. “წლები გვქონდა ევროკავშირთან ჩვენი სავაჭრო კავშირების განსახილველად და დავასკვენით, რომ უნდა ვდისტანცირდეთ ამ გრძელვადიანი, მასშტაბური და მუდმივი სავაჭრო დეფიციტისგან, რასაც წარმოშობს თქვენი გადასახადი, გადასახადების არარსებობის პოლიტიკა და სავაჭრო ბარიერები” – წერს ტრამპი და დასძენს – “სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა ორმხრივისგან შორს იყო”.
ტრამპის განცხადებას შაბათსვე გამოეხმაურა ევროკავშირი – ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თუკი აშშ 1 აგვისტოდან მართლა აამოქმედებს 30 პროცენტიან გადასახადს, ბლოკი გაატარებს საკუთარი ინტერესების დასაცავ ზომებს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, პროპორციულ საპასუხო ნაბიჯებსაც მოიცავს.
ტრამპი ამჟამად გადასახადების გამოცხადების პროცესშია როგორც მოკავშირე, ისე მეტოქე ქვეყნებისთვის – რაც იყო მისი 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. ტრამპი ამბობდა, რომ საფუძველს ჩაუყრიდა აშშ-ის ეკონომიკის აღორძინებას – ეკონომიკის, რომლითაც, მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში სხვა ქვეყნები ხეირობდნენ.
ორმხრივი გადასახადების შემოღებით ტრამპი ფაქტობრივად ცვლის მსოფლიო ვაჭრობის წარმმართველ წესებს. აშშ და სხვა ქვეყნების უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში ემორჩილებოდნენ სავაჭრო წესებს, რომლებიც განისაზღვრებოდა “ურუგვაის რაუნდის” სახელით ცნობილი, კომპლექსური მოლაპარაკებებით. სახელმწიფოებს შეეძლოთ თავ-თავიანთი გადასახადების დადგენა – მაგრამ “უპირატესი ქვეყნის” სახელით ცნობილი მიდგომის ფარგლებში, მათ არ შეეძლოთ რომელიმე ქვეყნისთვის დაეწესებინათ უფრო მაღალი გადასახადი, ვიდრე სხვისთვის.
ტრამპმა ამ ეტაპისთვის საგადასახადო პირობები წაუყენა 24 ქვეყანას და 27-წევრიან ევროკავშირს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩვენი ბრძოლის გზა ამ მომენტში მთავრობისთვის ლეგიტიმაციის გამოცლაა – რევოლუციასაც იმსახურებენ და ის შეიძლება მოხდეს კიდეც, მაგრამ თუ არ მოხდა, ხომ არ ვნებდებით? არა, მათ ვაცლით ლეგიტიმაციას, რომ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები