აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ტარიფები, 9 ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპმა უკვე გაუგზავნა სპეციალური წერილი რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, რომლითაც მათ ინფორმაცია მიაწოდა ახალი განაკვეთების შესახებ. წერილები იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს გაეგზავნათ. ორივე ქვეყანა პირველი აგვისტოდან 25%-იან ტარიფს დაექვემდებარება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი წერილები გაეგზავნათ მალაიზიას, ყაზახეთს, სამხრეთ აფრიკას, მიანმარსა და ლაოსს. შეიძლება, ამ ქვეყნების მიმართ ტარიფებმა 40%-მდე აიწიოს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, სულ, დაახლოებით, 12 ასეთი წერილი გაიგზავნება სხვადასხვა ქვეყანაში.
წერილის შინაარს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის გაგზავნილ წერილებში ტრამპი საუბრობს სავაჭრო დეფიციტის პრობლემის შესახებ.
„25% ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად“, – წერს ტრამპი ორივე წერილში. ტრამპი ასევე იაპონიას და სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების შემთხვევაში მათი ტარიფების მაჩვენებელს 25%-ს დაემატება.
ამასთან, ტრამპი ქვეყნებს სთავაზობს ამერიკაში საქონლის წარმოებას, რათა ტარიფები თავიდან აიცილონ.
1tv.ge
