ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების მორიგი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს, რითიც „ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულია“.
ეს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს 7 დეკემბერს საღამოს უთხრა ვაშინგტონში, კენედის ცენტრში, სადაც საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ტრამპის თანახმად, წინადადებები ზელენსკის წარმომადგენლებისთვის მოსაწონია, მისთვის კი არა და მისაღებია რუსეთისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი წინადადებებს ჯერ არ გაცნობია და თუ ისინი არ წაუკითხავს, რატომ შეიძლება მოსაწონი არ იყოს.
უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის ანექსიის აღიარებას, მას შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა.
აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკება ჯერ ჟენევაში გამართეს, შემდეგ კი ფლორიდის შტატში. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 4-6 დეკემბერს მაიამიში მიმდინარეობდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ანდრი ჰნატოვის მონაწილეობით. 6 დეკემბერს უიტკოფსა და კუშნერს ტელეფნით ესაუბრა პრეზიდენტი ზელენსკიც.
მანამდე, 2 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მოლაპარაკების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ზოგიერთ წინადადებას არ დასთანხმდა.
მხარეები გეგმის დეტალებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
ფორუმი




