6 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერს შეხვდა.
ტრამპი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები „დიფ სთეითის“ წარმომადგენლად მოიხსენებენ.
როგორც Reuters წერს, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ამერიკის გავლენების გაფართოების მცდელობა რესურსებით მდიდარ რეგიონში, რომელზეც დიდი ხანია რუსეთი დომინირებს, ჩინეთი კი სულ უფრო მეტად იზიდავს.
მედიის ინფორმაციით, ტრამპმა ცენტრალური აზია „უკიდურესად მდიდარ რეგიონად“ მოიხსენია და თქვა, რომ სურს, ხუთ ქვეყანასთან ამერიკის პარტნიორობა გააძლიეროს.
„ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კრიტიკული მინერალებია… ბოლო კვირების განმავლობაში ჩემმა ადმინისტრაციამ გააძლიერა ამერიკის ეკონომიკური უსაფრთხოება მსოფლიოს მოკავშირეებთან და მეგობრებთან შეთანხმებების მიღწევით, რათა გააფართოოს ჩვენი ჯაჭვი კრიტიკული მინერალების მიწოდების მხრივ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები გაიმართა ცენტრალური აზიის მინერალებზე, რომელიც მოიცავს ურანს, სპილენძს, ოქროს და იშვიათ მიწათა ლითონებს, ვინაიდან კონკურენციის გამწვავების ფონზე დასავლეთის ქვეყნები მოსკოვისა და პეკინისგან მოშორებით ცდილობენ მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციას.
როგორც მედია იუწყება, აშშ ცდილობს ახალი პარტნიორობის დამყარებას, რათა უზრუნველყოს კრიტიკული მინერალების მიწოდება, ენერგია და სახმელეთო სავაჭრო გზები, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ კონკურენტებს გვერდს უვლის.
Reuters-ის ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, შეხვედრას უწოდა „შეერთებულ შტატებსა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობის ახალი ეპოქის დასაწყისი“.
ყაზახეთი ასევე შეუერთდა აბრაამის შეთანხმებებს. აბრაამის შეთანხმება არის ისტორიული შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
მედიის ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიიოევმა, ტრამპს „მსოფლიოს პრეზიდენტი“ უწოდა და შესთავაზა ცენტრალურ აზიაში მუდმივი სამდივნოს შექმნა.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში,Truth Social-ში გამოაცხადა, რომ უზბეკეთი გეგმავს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტის შეძენას და ინვესტირებას აშშ-ის ძირითად სექტორებში, მათ შორის კრიტიკულ მინერალებში, საავტომობილო ნაწილებსა და ავიაციაში.
C5+1 პლატფორმა აერთიანებს შეერთებულ შტატებს და ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
მედიის ცნობით, აშშ-ისა და C5-ის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე მოეთხოვებოდათ კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა.
გამოცხადებულ ბიზნესგარიგებებს შორის იყო Boeing-ის (BA.N) შეთანხმება, რომელიც ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ავიაკომპანიებისთვის, ჯამში, 37 თვითმფრინავის გაყიდვის ახალ ეტაპს ხსნის, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.ასევე, ამერიკული კომპანია Cove Capital ყაზახეთში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დაფინანსებით ვოლფრამს მოიპოვებს.
ცენტრალური აზიის ამ ხუთ ქვეყანაში არის ურანის, სპილენძის, ოქროს, იშვიათმიწა ლითონებისა და სხვა სტრატეგიული მინერალების უზარმაზარი საბადოები, რომლებიც აუცილებელია ენერგიის უფრო მწვანე ფორმებზე გადასვლის გლობალური ძალისხმევისთვის.
ურანის წარმოების ნახევარზე ოდნავ მეტი ყაზახეთსა და უზბეკეთზე მოდის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს აშშ-ის ბირთვული ენერგიისთვის, რომელიც აშშ-ის ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა.
რუსეთი აშშ-ს იმპორტირებული ურანის დაახლოებით 20%-ს ამარაგებს, რაც ამერიკისთვის დივერსიფიკაციას სულ უფრო აქტუალურს ხდის.
მედიის ცნობით, ტრამპის მმართველობის დროს აშშ-მა მრავალმხრივი სტრატეგია განახორციელა კრიტიკული მინერალების უზრუნველსაყოფად და ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რომელიც დომინირებს სტრატეგიული ლითონების, მათ შორის ურანის, იშვიათ მიწათა ლითონების, სპილენძისა და ტიტანის, გლობალურ მიწოდების ჯაჭვში. ჩინეთმა, ზოგ შემთხვევაში, თავისი დომინირება ექსპორტის შეზღუდვით გამოიყენა.
ავტორი: ნინა სიგუა




