აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკ უოლცს გამოესარჩლა და დაიცვა მას შემდეგ, რაც ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაასაჯაროვა, როგორ დაამატა ის ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ჰუსიტებზე თავდასხმა განიხილებოდა.
ჯეფრი გოლდბერგის თქმით, ის Signal-ის ჩატში 13 მარტს სწორედ მაიკლ უოლცმა დაამატა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით გამიმხილა ომის გეგმები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ლიდერებმა დამამატეს ჯგუფურ ჩატში, რომელიც იემენში მოსალოდნელ სამხედრო იერიშებს შეეხებოდა. არც მიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა რეალური მიმოწერა ყოფილიყო. მაგრამ შემდეგ ბომბები ჩამოცვივდა“, – წერს ჯეფრი გოლდბერგი.
იემენელ ჰუსიტებზე აშშ-მა იერიში მართლაც მიიტანა 15 მარტს. რაც ცნობილი გახდა ზუსტად 2 საათის შემდეგ, რაც ჯეფრი გოლდბერგს უნებურად გაუმხილეს გეგმები — თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი იყო, რომელმაც 11:44-ზე იერიშების შესახებ დაწერა.
ტრამპის თქმით, ის არაა გაბრაზებული უოლცზე, ეს ერთადერთი იაღლიშია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და თანაც არასერიოზული.
„გაკვეთილი ისწავლა. ის კარგი კაცია“, — თქვა ტრამპმა NBC-სთან, როდესაც მას ჰკითხეს, ისევ ენდობოდა თუ არა უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩეველს.
ტრამპმა მომხდარში, რომ საიდუმლო მიმოწერაში გარეშე პირი და თან ჟურნალისტი აღმოჩნდა, უოლცს დაქვემდებარებული დაბალი რანგის პერსონალი დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მოხვედრას მიმოწერაში არაფერი შეუცვლია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა დაადასტურა სიგნალის მიმოწერის ავთენტურობა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იყო გოლდბერგისეული განმარტებები, რომ ეს ომის გეგმები იყო.
„საომარი გეგმების შესახებ იქ არავინ წერდა“, — განაცხადა ჰეგსეტმა და იგივე გაიმეორა თეთრი სახლის პრესმდივანმაც, რასაც თავის მხრივ ისევ გამოეხმაურა გოლდბერგი და ამ თავის მართლებას ტყუილი უწოდა.
„ტყუილია. საომარი, იერიშების გეგმები იწერებოდა“, — თქვა გოლდბერგმა CNN-თან.
უოლცს საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
როგორც ჯეფრი გოლდბერგი ამბობს, Signal-ის დახურულ ჩატში იყვნენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ის ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სხვები, სულ 18 ადამიანი.
