აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელაპარაკა და შაბათს, დილით ნატოს ლიდერებთანაც ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
ტრამპმა ვერ მიაღწია შეთანხმებას უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაზე. “არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით – მე ვიტყოდი, უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა”, – თქვა ტრამპმა.
ვაშინგტონში დაბრუნებისას აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თვითმფრინავის დაშვების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ნატოს ლიდერებს ელაპარაკებოდა.
ზელენსკის ან ევროპელ ლიდერებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.
ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მოქცეული სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან – როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.
ფორუმი
