აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელ TrueSocial-ში დაწერა: „ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიძლიერე და სხვა თემები. ორივემ ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნების დიდ ისტორიაზე“.
ამერიკელი ლიდერის თქმით, მხარეები ერთმანეთთან ორმხრივ ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს [უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად] და დავიწყებთ იმით, რომ დავურეკავთ უკრაინის პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის, რათა შევატყობინოთ მას შემდგარი საუბრის შესახებ, რასაც პირდაპირ ახლა გავაკეთებ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხში მოლაპარაკებების ხელმძღვანელად მან დანიშნა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტების საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა. პესკოვის თქმით, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის თეზისს, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთად უნდა იმუშაონ.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინი დაეთანხმა ტრამპს, რომ სამხედრო კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება მოლაპარაკებების გზით შეიძლება იქნეს მიღწეული.
ზელენსკის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები უკვე შედგა. ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ზელენსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა: „გრძელი საუბარი. მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე. ჩვენი მზადყოფნის შესახებ, ვიმუშაოთ გუნდურ დონეზე. განვიხილეთ ჩვენი საუბარი სკოტ ბესენტთან და ჩვენი ახალი შეთანხმების მომზადება უსაფრთხოების, ეკონომიკური და სარესურსო თანამშრომლობის შესახებ.“
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/snapshot-4-1739381939-300x169.webp)