აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე აპირებს წამოჭრას რუსეთის ნავთობის შესყიდვის საკითხი.
ტრამპი მიიჩნევს, რომ სი ძინპინს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაარწმუნოს, დაასრულოს ომი უკრაინაში.
ტრამპმა ეს ჟურნალისტებს უთხრა თეთრ სახლში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას. ამავე შეხვედრაზე ტრამპმა ილაპარაკა უკრაინის ომთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზეც.
პრეზიდენტის თქმით, მას კვლავ აქვს სურვილი, მიღწეულ იქნეს მშვიდობიანი გადაწყვეტა. ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარეები ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდნენ. ტრამპი ამბობს, რომ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრა გააუქმა, რადგან იგრძნო, რომ ახლა ის არ მოიტანდა სასურველ შედეგს და აღნიშნავს, რომ შეხვედრა შესაძლოა მოგვიანებით გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მზად იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.
ბუდაპეშტში შეხვედრაზე ტრამპი და პუტინი ტელეფონით შეთანხმდნენ, გასულ კვირაში – თუმცა ზუსტი თარიღი დადგენილი არ იყო. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა არ გაიმართება.
ტრამპმა უარყო გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობა, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკრაინას მოუხსნა შეზღუდვა დარტყმების განხორციელებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და თქვა, რომ ჯერჯერობით არ გეგმავს, კიევს გადასცეს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები. ტრამპი ამბობს, რომ ამ რაკეტების გაშვებას ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა დასჭირდება, და ვაშინგტონი არ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.
ტრამპმა ილაპარაკა ახალი სანქციების დაწესებაზეც რუსეთის ნავთობკომპანიებისთვის და თქვა, რომ, მისი აზრით, ახლა ამისთვის შესაფერისი მომენტი იყო. ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ სანქციები “დიდხანს არ დარჩება ძალაში”.
ტრამპი სი ძინპინს შეხვდება მომავალ კვირაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.
2022 წლიდან ჩინეთი და ინდოეთი გახდნენ რუსეთის ნავთობის ყველაზე მსხვილი მყიდველები. ვაშინგტონი გამოვიდა პირობით, რომ რუსეთის ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს მაღალ გადასახადებს დაუწესებდა და აგვისტოში გაზარდა გადასახადები ინდოეთის საქონელზე. თუმცა ჩინეთის საქონელს ეს ზომა არ შეხებია.
ფორუმი




