„ისინი რეგიონში არიან. იქ, სადაც უნდა იყვნენ“, – განუცხადა 3 აგვისტოს ტრამპმა მედიის წარმომადგენლებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ატომური წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ მას შემდეგ ჰკითხეს, რაც 1 აგვისტოს სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის უკიდურესად პროვოკაციული განცხადებების გამო ბრძანა ორი ატომური წყალქვეშა ნავის გაგზავნა შესაბამის რეგიონებში იმ შემთხვევისთვის, თუ ეს სულელური განცხადებები სიტყვებზე მეტია.
ივლისის ბოლოს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ათ დღემდე ამცირებს, დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ტრამპს, რომელიც რუსეთს ულტიმატუმით ეთამაშება, ორი რამ უნდა ახსოვდეს – რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი და ყოველი ახალი ულტიმატუმი არის საფრთხე და ნაბიჯი ომისკენ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ საკუთარ ქვეყანასთან.
ამ პოსტის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მედვედევი თავის სიტყვებს უნდა დააკვირდეს, რადგან ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის. საპასუხო პოსტში მედვედევმა ტრამპს ურჩია, გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები „მოსიარულე მკვდრების” შესახებ და ის, თუ როგორი სახიფათო შეიძლება იყოს „ბუნებაში არარსებული მკვდარი ხელი”.
ცივი ომის პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოები „მკვდარ ხელს”(Dead Hand) უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღის ავტომატური მართვის კომპლექს „პერიმეტრს”.
