აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა მის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.
მან ორსაათიანი სატელეფონო საუბარი ძალიან დადებითად შეაფასა და თქვა, რომ რუსეთი ომის შეწყვეტის შემდეგ ამერიკასთან დიდი სავაჭრო ურთიერთობების დაწყებას აპირებს, რასაც ტრამპი თავადაც მხარს უჭერს.
“ახლახან დავასრულე ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
მე მჯერა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობები ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმებაა.
მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რომელთა შესახებაც სხვა არავინ იცის. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. თუ ასე არ იქნებოდა, ამას ახლა უფრო ვიტყოდი, ვიდრე მოგვიანებით”, – წერს ტრამპი.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია მან უკრაინის და ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებს მაშინვე გაუზიარა.
“რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება და ამ იდეას მეც ვეთანხმები. რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს შექმნას სამუშაო ადგილები და ფინანსური კაპიტალი. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობის კუთხით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრისთანავე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს ვაცნობე.
ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებული იქნებოდა მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, პროცესი დაიწყოს!”, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
მანამდე გუშინ, 18 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში, პაპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრაზე მათ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზები განიხილეს.
