ტრამპი პირდაპირ დაიმუქრა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან ზავს აშშ-ს მიერ შეთავაზებული მძიმე პირობებით, მაშინ ეს ქვეყანა დარჩება ამერიკელი მოკავშირის გარეშე
ტრამპის დიპლომატია, იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე მსოფლიოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„რუსეთ-უკრაინის ომი ფინიშის ზღვარზე
დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან (2025 წლის 20 იანვრიდან) მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღე სრულდება 30 აპრილს.
ვინაიდან ეს ერთგვარი შუალედური თარიღია, როდესაც ხდება აშშ-ს პრეზიდენტების საწყისი ეტაპის შეფასება, ამიტომ ტრამპის მიზანია, ამ ვადაში თავის აქტივში ჩაიწეროს ევროპის ტერიტორიაზე ბოლო 80 წელში მომხდარი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.
ამიტომ ტრამპის დიპლომატია, იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად და ბოლო დეტალების შესათანხმებლად.
ჯერ არავინ იცის, რამდენად მოხერხდა ეს შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ მებრძოლი მხარეების და აშშ-ს გარდა, ძალიან აქტიურობენ ლონდონი, პარიზი, ბერლინი, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, უკრაინამ არ მიიღოს ტრამპის მიერ შეთავაზებული წამგებიანი წინადადება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვთან უკვე შეთანხმებული ყოფილა.
ყველამ იცის, რომ უკრაინა ამ ომს აგებს და ამიტომ ის და მისი ევროპელი კურატორები ცდილობენ დამარცხებული ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს ამ ომიდან, რათა შეძლოს სახის ოდნავ შენარჩუნება მაინც.
ტრამპი პირდაპირ დაიმუქრა, რომ თუ უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან ზავს აშშ-ს მიერ შეთავაზებული მძიმე პირობებით, მაშინ ეს ქვეყანა დარჩება ამერიკელი მოკავშირის გარეშე. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არ დათმობის და ომის გაგრძელების შემთხვევაში კი ზელენსკი 3 წელიწადში დაკარგავს მთელ უკრაინასო. სხვათა შორის, იგივეს აცხადებს ზელენსკის გუნდის ყოფილი წევრი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ექსპერტი არესტოვიჩი. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ უნდა დათმოს ზელენსკიმ ოკუპირებული 4 რეგიონიო, უპასუხა: „იმიტომ, რომ შემდგომში არ მოუწიოს 8 რეგიონის, ან სულაც, მთელი უკრაინის დათმობაო“.
ზელენსკის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია, რადგან უკრაინელი ხალხი, მალე მას პასუხს მოსთხოვს არა მარტო დაკარგული ტერიტორიების, არამედ განადგურებული ეკონომიკის, დახოცილი და გაქცეული მოსახლეობის და ათასი სხვა უბედურების გამო.
თუმცა, ამჯერად მისი არ დათანხმება მიმართულია ასევე ამერიკის დამარცხებაზეც. სხვათა შორის, ამით დაინტერესებული არიან ინგლის-საფრანგეთ-გერმანიაც, რომლებისთვის აშშ ათწლეულობით სახელმწიფოს მფარველად და გამომკვებავად ითვლებოდა, ტრამპის ადმინისტრაციის ხელში კი მათთვის აშშ მზრუნველი მამიდან მკაცრ მამი-ნაცვლად გადაიქცა, რომელმაც შემოუთვალა, უკვე დიდები ხართ და საკუთარ თავს თქვენ უნდა მიხედოთო. ზელენსკის გაჯიუტებით კი ევროპელ ლიდერებს უნდათ შექმნან სურათი, რომ თუ პუტინი ომით გავა ბოლომდე, ეს დაჰბრალდება აშშ-ს და ტრამპი დარჩება ხელმოცარული. შესაძლებელია ესაა ზელენსკის შურისძიება ამერიკაზე, თუ თქვენ უკრაინის დახმარებაზე ხელი აიღეთ, მაშინ დაეშვით ფსკერზე ჩემთან ერთად, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის სრული ოკუპაცია თქვენს სინდისზეც იქნებაო.
დღეს არსებული ომის დასრულების პერსპექტივით წაუგებელ მდგომარეობაშია რუსეთი, რომელიც იმატებს ტერიტორიებს (უკრაინის 20%-ს) და ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს. მართალია, რუსეთმაც ომში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა დაკარგა, მაგრამ მან გაუძლო სანქციებსაც, რომლებმაც ეს ქვეყანა არათუ დაასუსტა, არამედ გამოაფხიზლა, აამუშავა და ეკონომიკაში, ომამდე პერიოდზე გაცილებით უკეთეს მაჩვენებლებს მიაღწია. ამასთან, სამხედრო მრეწველობაც გააძლიერა. პატრიოტული და შოვინისტური იდეოლოგიით, მოსახლეობაში, ხელისუფლებისადმი მხარდაჭერაც გაზარდა.
ტრამპმა იცის, რომ ომის ვერ შეჩერების შემთხვევაში რუსეთის წინსვლა გაგრძელდება. პოლიტიკურად და ეკონომიკურად ამერიკის ინტერესები დაზარალდება. ამასთან, მნიშვნელოვნად შეილახება მისი პირადი რეპუტაციაც.
ტრამპს დიდი ბიზნეს-პროექტების იმედი აქვს რუსეთთან და თუ ომი არ დამთავრდა, რუსეთზე გათვლილი ამერიკული ინტერესებიც ჩაიფუშება. გარდა ამისა, ტრამპი მთავარ კონკურენტად არა რუსეთს არამედ, ჩინეთს განიხილავს. უკრაინის ომის გაგრძელება რუსეთ-ჩინეთის კიდევ უფრო დაახლოებას გამოიწვევს
ომის შეწყვეტის შემთხვევაში აშშ-ს შეუძლია რუსეთ-ჩინეთის ინტერესების განცალკევება. ეკონომიკური პრეფერენციების დაინტერესების გზით, რუსეთი ჩინეთის პარტნიორობიდან საკუთარ პარტნიორად აქციოს.
რუსეთ-უკრაინის ომმა არა მარტო უკრაინა, არამედ ევროპაც კრიზისში ჩააგდო. დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულმა ასეულობით სხვადასხვა სანქციებმა, ევროპის წამყვან ქვეყნებში ეკონომიკის რეცესია გამოიწვია. ევროპელი ლიდერებიც ხედავენ, რომ ომის გაგრძელება მათი ქვეყნების ეკონომიკას მტკივნეულად ურტყამს (მით უმეტეს, თუ ომის გაგრძელების შემთხვევაში ამერიკა გვერდზე გაიწევა და უკრაინის დახმარებას მთლიანად ევროპას შეატოვებს). მათ იმდენად ღრმად შეტოპეს „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ბრძოლის მოწოდებებში და წახალისებაში, რუსეთისათვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების რეალურობაში, რომ დღეს სხვა პოზიციის დაფიქსირება მათთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა.
ტრამპი კი ასეთი ტვირთისგან თავისუფალია, რასაც ხშირად ახსენებს ყველას, როდესაც აცხადებს, რომ ეს ბაიდენის მიერ სტიმულირებული დანაშაულებრივი ომია და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა“, – წერს კაკაბაძე.