აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააორმაგოს, რათა აიძულოს მოსკოვს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.
კელოგი უკრაინის ომის საკითხებში ტრამპის სპეცწარმომადგენლად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
“ნიუ-იორკ პოსტის” სტატიის თანახმად, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და მათი აღსრულება მხოლოდ სამი ქულით შეიძლება შეფასდეს 10-ბალიანი სისტემიდან, რადგან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა ბევრად უფრო მტკივნეულიც შეიძლება იყოს. მისივე თქმით, აშშ-ს მოქმედი სანქციები, მაგალითად, როგორცაა რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის დაწესებული შეზღუდვები, ამჟამად უკვე გაორმაგებულია, მანამდე არსებულთან შედარებით, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე მათ გასამკაცრებლად.
”სანქციების გაძლიერება ნამდვილად შესაძლებელია, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც ბოლოს დაწესდა და მიმართულია ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზე. მეტის გასაკეთებლად კიდევ ბევრი სივრცეა. თუ ვინმემ იცის, როგორ გამოიყენოს ბერკეტები ომის დასამთავრებლად და რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად, ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ უმკლავდება ის სხვა საგარეო საკითხებს. რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება დიდი პრიორიტეტია მთელი ადმინისტრაციისთვის, ამიტომ ყველა ჩართულია პროცესში”, – განაცხადა კიტ კელოგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ტრამპმა შეკრიბა მთელი მისი გუნდი და მათ ერთად განიხილეს, როგორ გამოეყენებინათ ძალაუფლების ყველა ელემენტი ომის დასასრულებლად. კელოგის თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
