ისტორიას უყვარს გამეორებები, ოღონდ უკვე სხვა სახით – ის, რაც ვერ შეძლო აშშ-ის მე-40 პრეზიდენტმა როლანდ რეიგანმა, 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ხორცი შეასხას და… “ვარსკვლავური ომებისთვის” მოამზადოს ამერიკა…
“ვარკვლავური ომები” – სწორედ ასეთი არაოფიციალური სახელი მიიღო 1983 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის როლანდ რეიგანის “სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის (SDI – Strategic Defense Initiative) პროგრამამ, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის თავდაცვას გულისხმობდა სავარაუდო მოწინააღმდეგეების (იმ დროს მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ ამერიკელებს საბჭოთა კავშირი მიაჩნდათ, თუმცა ჩინეთის გაძლიერებასაც არ გამორიცხავდნენ) გაშვებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების კოსმოსიდან შეტევის შემთხვევაში.
ამისთვის უშუალოდ კოსმოსში დედამიწის ორბიტის სხვადასხვა სიმაღლეზე უნდა გაეყვანათ სპეციალური თანამგზავრები, რომელთა ნაწილი იქნებოდა აღჭურვილი ლაზერებით (როგორც ბირთვული, ისე ქიმიური რეაქციების საფუძველზე მოქმედი ენერგიის წყაროებით), ნაწილიც ანტირაკეტებით.
განიხილებოდა მინიატიურული კამიკაძე-თანამგზავრებით ორბიტის “დახუნძვლა”, რათა საგანგებოდ შესჯახებოდნენ სტარტაღებულ და ახლო კოსმოსში ბალისტიკურ ტრაექტორიაზე გასულ საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ბირთვულ ქობინებს.
მაშინ, ოთხი ათეული წლის წინ, პრეზიდენტ რეიგანის ამ მართლაც “კოსმოსურ” ინიციატივას ხორცი ვერ შეესხა, რადგან თვით აშშ-ის სამეცნიერო და სამხედრო-ტექნიკური ბაზა არ იყო ამისთვის მზად. თუმცა რეიგანის “ვარსკვლავურმა ომებმა” ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაინც გააკეთა – კრემლმაც სასწრაფოდ დაიწყო “ვარსკვლავური ომებისთვის” მზადება და უზარმაზარი თანხები მიახარჯა ამ საქმეს, რამაც ავღანეთის ომის ყოველდღიურ მნიშვნელოვან ხარჯებთან ერთად, ბოლო მოუღო საბჭოთა ეკონომიკას და დააჩქარა საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, დაშლა 1991 წლის მიწურულს.
დღეს, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ იწყებს ამერიკული “რკინის გუმბათის” შექმნას (მას მხოლოდ სახელი აქვს ისრაელის “რკინის გუმბათთან” საერთო, რადგან ამ უკანასკნელს მხოლოდ 70 კმ-მდე მფრენი ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების ჩამოგდება თუ შეუძლია), ის ამით, ფაქტობრივად, “აცოცხლებს” წინამორბედის, პრეზიდენტ რეიგანის “სტრატეგიულ თავდაცვით ინიციატივას” და უფრო მეტი შანსიც აქვს, რომ მართლაც შეასხას ფრთები.
საქმე ის არის, განვლილ 40 წელიწადში კოსმოსური ტექნიკა ძალიან განვითარდა და დღეს დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანა ბევრად გაადვილდა და გაიაფდა. ამის მაგალითია ილონ მასკის შპაცეX – მხოლოდ გასულ 2024 წელს 154 რაკეტა-მატარებელი გაუშვეს და ჩვენი პლანეტის გარშემო რამდენიმე ათასი მინითანამგზავრი შტარლინკ-ი მოძრაობს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ ერთმანეთის მიყოლებით ბრუნავენ დედამიწის გარშემო, სანამ თავიანთ ორბიტებს დაიკავებენ.
სწორედ ილონ მასკის, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გვერდში დაუდგა ტრამპს და მის გამარჯვებაში ყველაზე დიდი ფული ჩადო, ფაქტორი გახდა გადამწყვეტი იმისა, რომ ტრამპი რისკავს და მომავალი ომების სრულფასოვან შეცვლას აპირებს.
თუკი მე-19 საუკუნეში ომებს ცეცხლსასროლი იარაღი იგებდა, მე-20 საუკუნის ომებში გამარჯვება მას რჩებოდა, ვინც ჰაერში გაბატონდებოდა, ხოლო 21-ე საუკუნის ომს მიწაზე, წყალსა და ჰაერში უკვე ის მოიგებს, ვინც კოსმოსს დაეპატრონება და იქიდან შეძლებს არა მარტო მოწინააღმდეგის ბალისტიკური თუ ჰიპერბგერითი რაკეტების მოგერიებას, არამედ თავადაც სწორედ კოსმოსიდან მიაყენებს ზეზუსტ დარტყმებს მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებს, მანამდეც, სანამ მტრის რაკეტები სტარტს აიღებენ.
მართალია, აშშ-ს აქვს სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ანტირაკეტები (გრენლანდიის კუნძულზე სრული კონტროლის აღებაც იმიტომ სწადია ტრამპს, რომ იქ მძლავრი ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედება სურს), მაგრამ მათ მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების მხოლოდ იმ ბირთვული ქობინების მოგერიება შეუძლიათ, რომლებიც უკვე “გაიფანტნენ” კოსმოსში გასული ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნაკვეთურიდან და მათი სათითაოდ აღმოჩენა და განადგურებაა საჭირო.
ტრამპს თავისი ამერიკული “რკინის გუმბათის” სისტემით სურს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტები სტარტიდან 3-5 წუთშივე გაანადგუროს, სანამ რაკეტები კოსმოსში ფრენის ბალისტიკურ ტრაექტორიაზე გავლენ (ამისთვის 9 წთ-მდეა საჭირო) და მათი “ცხვირიდან” ორ ათეულამდე ბირთვული ქობინი და ცრუ სამიზნე “გაიფანტება.
ამისთვის ამერიკელი სპეციალისტები ცდილობენ გამოიყენონ მაღალენერგიული ლაზერული სხივები – დედამიწის ორბიტაზე მოძრავი “რკინის გუმბათის” ამერიკული თანამგზავრები თავიანთი ზემგრძნობიარე რადიოლოკაციური თუ ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურით როგორც კი დააფიქსირებენ, მაგალითად, სტარტაღებული რუსული ბალისტიკური “ტოპოლის” რაკეტული ძრავის მაღალტემპერატურიან ჩირაღდანს, დაუყოვნებლივ იმოქმედებენ მასზე ლაზერის სხივით და შეეცდებიან მის დაზიანებას ან განადგურებას კოსმოსში გასვლამდე…
მაგრამ საიდან უნდა გაჩნდეს მაღალენერგიული ლაზერი თანამგზავრზე? – არის ორი ძირითადი გზა: ან თავად თანამგზავრზე იქნება განთავსებული ბირთვული წყარო ასეთი ძლიერი ლაზერის სხივის შესაქმნელად და გასატყორცნად, ან დედამიწიდან გაიგზავნება ზემძლავრი ლაზერის სხივი ორბიტაზე, რომელიც აირეკლება თანამგზავრის სარკისებრი რეფლექტორიდან და ზუსტად მიემართება სტარტაღებული რაკეტის გასანადგურებლად.
და სწორედ ახლა მივადექით მთავარს – პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მეოთხედი საუკუნის წინ, 1999 წლის 23-28 ივლისს გაიშალა.
მკითხველს გაუკვირდება – 1999 წელს კოსმოსიდან ღამით მხოლოდ ჩაბნელებული საქართველო თუ მოჩანდა, რომლის ბინადართ ელექტროენერგია მხოლოდ გრაფიკით ჰქონდათ და რის “ვარსკვლავურ ომებს” ადარებთო.
არადა, სწორედ მაშინ კოსმოსში გახსნილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი “რეფლექტორი” იყო ის, რის გაკეთებასაც უახლოეს მომავალში ტრამპი მასკის იმედით აპირებს.
ქართველი მეცნიერისა და სამხედრო მოღვაწის, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის სახელი საქართველოში ბევრს სმენია (უცხოეთის სპეციალიზებულ სამეცნიერო წრეებში მას კიდევ უკეთ იცნობენ), თუმცა შეიძლება უმეტესობამ არ იცოდეს, რომ სწორედ მეძმარიაშვილის თაოსნობით საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო საბჭოთა “ვარკვლავური ომების” საპასუხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის – კოსმოსის უწონადობაში გასაშლელი კონსტრუქციების დაპროექტება, დამზადება და გამოცდა.
მეძმარიაშვილის “რეფლექტორი” სულ 34 კგ-ს იწონიდა და დაკეცილ მდგომარეობაში მისი დიამეტრი მხოლოდ 60 სანტიმეტრი გახლდათ (თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს რაკეტა-მატარებლის მიერ ორბიტაზე გატანილი სასარგებლო ტვირთის მცირე მასასა და გაბარიტებს, იმედია, ახსნა არ სჭირდება), თუმცა კოსმოსში გახსნისას ის ათჯერ მეტ ზომაზე გაიშალა და მისი ამრეკლი ეკრანის დიამეტრმა 6,4 მ შეადგინა…
ეს კი ნიშნავს, რომ მიწიდან გაშვებული მაღალი ენერგიის ლაზერის სხივი როგორც კი აირეკლებოდა მეძმარიაშვილის “რეფლექტორის” ეკრანიდან, მას რამდენიმე ათას კმ-ზე შეეძლო დედამიწის სხვა ნაწილში “გამოეწვია” სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტის, ამჯერად ამერიკულის, კორპუსი.
წყარო: “კვირის პალიტრა”
