“რადიკალი მემარცხენე მთვარეულები მოედნენ ლოს-ანჯელესის ქუჩებს – თავს ესხმიან სამართალდამცავებს, ჭურვებს ესვრიან პოლიციის კრეისერებს, წვავენ ავტომანქანებს და კეტავენ ტრასებს იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ თემებს მოძალადე, კრიმინალი, უკანონო მიგრანტებისგან ათავისუფლებს”, – წერია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე 9 ივნისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ამას მოსდევს აბზაცი, რომელშიც კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი არიან გაკრიტიკებული:
“გევინ ნიუსომისა და კარენ ბასისნაირი დემოკრატები მადლობას უნდა უხდიდნენ პრეზიდენტ ტრამპს ძლიერი მოქმედებისა და ლიდერობისთვის იქ, სადაც ეს თავად არ გააკეთეს და მათი ქუჩების კრიმინალი უკანონო მიგრანტი მკვლელების, გამაუპატიურებლებისა და ბანდიტებისგან გათავისუფლებისთვის”.
თეთრი სახლის პრესრელიზში ჩამოთვლილია ოცამდე პირი, მათი სახელების, გვარების, ფოტოებისა და ჩადენილი დანაშაულების მითითებით: “იხილეთ ზოგიერთი ავადმყოფი კრიმინალი, რომლებიც ბოლო დღეებში დააკავეს ლოს-ანჯელესის ქუჩებში”, – ასეთია მათი საერთო წარდგენა საიტზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ივნისს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის დაპატიმრებას, კალიფორნიაში მიმდინარე პროტესტის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლო ობსტრუქციის გამო.
დონალდ ტრამპის გუნდის წევრმა, „საზღვრის მეფედ“ წოდებულმა ტომ ჰომანმა, რომელიც მაღალჩინოსანი სამართალდამცავია და დღეს იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელებას კურირებს, გასულ შაბათს განაცხადა, რომ დააპატიმრებს ნებისმიერს, ვინც ხელს შეუშლის კალიფორნიაში კანონის აღსრულებას, გუბერნატორ გევინ ნიუსომისა და ლოს-ანჯელესის მერ კარენ ბასის ჩათვლით. ორივე მათგანმა მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის დანაყოფების განთავსება.
„მე ასე მოვიქცეოდი, ტომი რომ ვიყო. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება. გევინს უყვარს საჯაროობა, თუმცა, ვფიქრობ, ეს შესანიშნავი რამ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ.
დემოკრატმა გუბერნატორმა ნიუსომმა პასუხად თქვა, რომ იმედი ჰქონდა, არასდროს დადგებოდა დღე, როცა პრეზიდენტი მოქმედი გუბერნატორის დაპატიმრებისკენ მოწოდებით გამოვიდოდა:
„არ მაინტერესებს დემოკრატი ხარ თუ რესპუბლიკელი – ეს არის ხაზი, რომელიც არ შეიძლება გადავკვეთოთ, როგორც სახელმწიფომ, ეს უდავოდ არის ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ“, – დაწერა ნიუსომმა X-ზე.
გევინ ნიუსომი აპირებს უჩივლოს დონალდ ტრამპს, კალიფორნიაში, შტატის გუბერნატორის უარის მიუხედავად, პროტესტის ჩასახშობად ჯარის განთავსების გამო. შტატის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ “ამბოხის საფრთხე არ ყოფილა”.
საპროტესტო გამოსვლები ლოს-ანჯელესში დაიწყო 6 ივნისს – მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო-საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ლოს-ანჯელესის დიდწილად ლათინოამერიკელებით დასახლებულ რაიონებში რეიდები განახორციელეს, მათ შორის ლოს-ანჯელესის ცენტრთან მდებარე “მოდის რაიონის” ტანსაცმლის საწყობთან.
ფორუმი
