პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა ისრაელის სტრატეგიული დაგეგმარების მინისტრი რონ დერმერი.
დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში 2 ივლისს დაწერა, რომ მისმა წარმომადგენლებმა ისრაელის წარმომადგენლებთან ღაზის შესახებ ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გამართეს და ისრაელი დასთანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის აუცილებელ პირობებს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ზავის განმავლობაში იმუშავებენ ყველა მხარესთან, რათა ომი დასრულდეს.
ტრამპის განცხადებით, კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობის დასამყარებლად ძალიან გულმოდგინედ მუშაობდნენ, წინადადებებს ჰამასს გადასცემენ და იმედია, ის ახლო აღმოსავლეთის სასიკეთოდ ამ შეთანხმებას მიიღებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ უარესი იქნება.
თავად ისრაელს და ჰამასს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებიათ.
2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
· საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
ფორუმი
