„სერიოზულად ფიქრობთ, რომ მაგ შეკითხვას ვუპასუხებ?” – ჟურნალისტის შეკითხვას შეკითხვით უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 ივნისს.
ჟურნალისტმა კი მას ჰკითხა, ახლოს არის თუ არა აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმასთან.
შეკითხვის გაშარჟების შემდეგ ტრამპმა განაცხადა:
“შეიძლება ეს გავაკეთო, შეიძლება არა. არავინ იცის, რის გაკეთებას ვაპირებ. შემიძლია გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მათ სურთ მოლაპარაკება. მე ვეუბნები, რატომ მანამდე არ მოისურვეთ ჩემთან მოლაპარაკება? მთელი ეს სიკვდილი და მთელი ეს ნგრევა… ვუთხარი ადამიანებს, რატომ არ მომელაპარაკეთ ორი კვირის წინ? შეგეძლოთ კარგად ყოფილიყავით. ქვეყანა გექნებოდათ. ძალიან სევდიანი საყურებელია ეს.. არასდროს მითქვამს, რომ ეს მომწონს”.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სულ მოუწოდებდა ირანს მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ:
“მათ ბოლო წუთს თქვეს, რომ არ აპირებდნენ და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ”.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ისრაელის მიერ ირანში არსებულ სამიზნეებზე შეტევის დაწყების შემდეგ მას ირანიდან ხმა მიაწვდინეს:
“მე მათ ვუთხარი, რომ ძალიან გვიანია ლაპარაკი. დიდი განსხვავება ახლანდელსა და ერთი კვირის წინანდელს შორის.
ისინი თეთრ სახლში მოსვლის შეთავაზებითაც კი გამოვიდნენ. ეს მამაცურია, მაგრამ ეს მათთვის არ არის ადვილი”.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელები “სრულიად თავდაცვის გარეშე არიან, მათ არ გააჩნიათ საჰაერო თავდაცვა”.
ამის შემდეგ ტრამპმა კვლავ გაიმეორა უპირობო დანებებისკენ მოწოდება:
“უპირობო დანებება! – ეს ნიშნავს, რომ ყელში ამომივიდა და შევეშვი!”
ტრამპი ხაზს უსვამს ირანის “ცუდ ზრახვებს”:
“40 წელი იძახდნენ „სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!” და სიკვდილი ყველას, ვინც არ მოსწონდათ. ისინი “ბულიები” იყვნენ, სკოლის ეზოს “ბულიები”.
ახლა აღარ არიან “ბულიები”, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. არაფერია დასრულებული, ვიდრე არ დასრულდება. ომები ძალიან კომპლექსურია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს”.
ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უარი განაცხადა დანებების შესახებ აშშ-ის მოწოდებაზე და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ომში ჩართვა „გამოუსწორებელ ზიანს“ მოიტანს. 18 ივნისს მისი ვიდეოგანცხადება გავრცელდა ირანის სახელმწიფო ტელევიზიით.
ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელმა „უზარმაზარი შეცდომა“ დაუშვა ომის წამოწყებით. ეს ხამენეის პირველი კომენტარია პარასკევის შემდეგ.
„ჭკვიანი ხალხი, ვინც იცნობს ირანს, ირანელ ერსა და მის ისტორიას, არასდროს დაელაპარაკება ამ ერს მუქარის ენით, ვინაიდან ირანელი ერი არასდროს დანებდება, – აღნიშნულია ხამენეის განცხადებაში, – ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ინტერვენციას უეჭველად მოჰყვება გამოუსწორებელი ზიანი მათთვის“.
ისრაელი მეექვსე დღეა აგრძელებს ირანის ტერიტორიაზე, როგორც აცხადებს, ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამიზნეების დაბომბვას.
86 წლის ხამენეიმ, რომელიც მეორედ გამოჩნდა საჯაროდ ისრაელის მიერ თავდასხმის დაწყებიდან დღემდე, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოგანცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ისლამურ რესპუბლიკას ვერც მშვიდობას და ვერც ომს ვერ მოახვევენ თავს და აშშ გააფრთხილა, არ ჩაერიოს კონფლიქტში.
ამ განცხადებებით ხამენეი, რომელსაც ირანის კონსტიტუციით ეკუთვნის ბოლო სიტყვა ყველა სტრატეგიულ საკითხზე, გამოეხმაურა ტრამპის 17 ივნისის განცხადებას, რომ აიათოლა ალი ხამენეი „იოლი სამიზნეა, მაგრამ ის იქ უსაფრთხოდ არის – არ ვაპირებთ მის მოკვლას, მინიმუმ – ახლა არ ვაპირებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და ირანს “უპირობო დანებებისკენ” მოუწოდა.
