დონალდ ტრამპიDANIEL TOROK/WHITE HOUSE PHOTO/ALAMYგამოცემა NBC News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით “ძალიან ოპტიმისტურად” არის განწყობილი. მისივე თქმით, ირანის ლიდერები “სრულად განსხვავებულად საუბრობენ, როდესაც შეხვედრაზე ხართ, ვიდრე მედიასთან, გაცილებით უფრო გონიერები არიან”.
“ისინი თანხმდებიან ყველაფერს, რაზეც დათანხმება უწევთ. გახსოვდეთ, ირანი დამარცხებულია. არანაირი სამხედრო ძალა არ აქვთ. თუ შეთანხმებას არ დადებენ, ძალიან მტკივნეული იქნება [მათთვის]”. – თქვა ტრამპმა NBC News-თან საუბრისას.
ამასთან, გამოცემის მიხედვით, ტრამპმა უთხრათ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით საუბრისას ირანთან მოლაპარაკებების ფონზე ლიბანში საბრძოლო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა.
“ბიბის ვესაუბრე და თავშეკავებულად იზამს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უფრო თავშეკავებულები ვიყოთ”. – თქვა ტრამპმა გამოცემის მიხედვით.
ცნობისთვის, 11 აპრილს პაკისტანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, ხოლო ამერიკულ დელეგაციას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას” დათანხმდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
მოგვიანებით, აშშ-ს მხრიდან ირანში ცეცხლის შეწყვეტისშეთანხმების გამოცხადების შემდეგ ისრაელის არმიამ 8 აპრილს მასშტაბური იერიშები მიიტანა ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე, რის შემდეგაც თეირანმა ისრაელი და აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა, აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ ლიბანი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ტრამპის თქმით, ლიბანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ მოიცავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს