ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე რეკორდული რაოდენობის ბრძანებულებების ხელმოწერას გეგმავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე „რეკორდული“ რაოდენობის ბრძანებულებების ხელმოწერას გეგმავს.
მისივე თქმით, დღის წესრიგშია მასობრივი დეპორტაცია და ვიზიტი ხანძრებისგან დაზარალებულ ლოს ანჯელესში.
ამის შესახებ -ის არჩეულმა პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საინაუგურაციო სიტყვის თემა იქნება „ერთიანობა და ძალა, ასევე სამართლიანობა“.
„ხალხს უნდა მოეპყრო სამართლიანად. არ შეიძლება, მხოლოდ თქვა, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება. იცით, ჩვენ გავიარეთ ჯოჯოხეთი ოთხი წლის განმავლობაში ამ ხალხთან ერთად და ამიტომ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მასობრივი დეპორტაცია მისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამასთან, ტრამპმა არ დაასახელა ზუსტი თარიღი ან ქალაქი, საიდანაც დეპორტაციები დაიწყება.
„ეს დაიწყება ძალიან მალე, ძალიან სწრაფად. ვერ ვიტყვი, რომელ ქალაქებში, რადგან ყველაფერი ახლა ვითარდება. და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომელი ქალაქი იქნება ეს. თქვენ ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ჩვენ უნდა გავიყვანოთ დამნაშავეები ჩვენი ქვეყნიდან“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რამდენ ბრძანებულებას მოაწერს ხელს მას შემდეგ, რაც შეუდგება პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს იქნება „რეკორდული“ რაოდენობა.
„ჩვენ გვაქვს რეკორდული რაოდენობის დოკუმენტები, რომლებსაც ხელს მოვაწერ საინაუგურაციო სიტყვის შემდეგ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეწვევა ლოს ანჯელესს ტყის ხანძრებით მიყენებული ზარალის შესაფასებლად.