„ტრამპი თაუერი“, „ბათუმი რივიერა“ და ბოლოს „სილქ თაუერსი“ – როგორი იქნება წლების წინ დაანონსებული და რამდენჯერმე შეცვლილი $500 მლნ-იანი პროექტი ბათუმში

„ტრამპი თაუერი“, „ რივიერა“ და ბოლოს „სილქ თაუერსი“ – როგორი იქნება წლების წინ დაანონსებული და რამდენჯერმე შეცვლილი $500 მლნ-იანი პროექტი ბათუმში
„ტრამპი თაუერი“, „ბათუმი რივიერა“ და ბოლოს „სილქ თაუერსი“ – ეს იმ პროექტის სახელწოდებების ჩამონათვალია, რომელიც ბათუმში ჭაჭის კოშკის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა რამდენჯერმე მისი არამხოლოდ დასახელება, არამედ კონცეფციაც შეიცვალა.
წლების წინ ბათუმში, 6 ჰექტარ ტერიტორიაზე, „ტრამპი თაუერის“ პროექტი დაანონსდა, პრეზენტაციას თავად ესწრებოდა. სალიცენზიო ხელშეკრულება ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 2011 წელს გაფორმდა, 47–სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მშენებლობა არ განხორციელდა.
2017 წლის დასაწყისში, აღნიშნულ ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფის” მიერ ახალი პროექტი დაანონსდა, რომელიც მის შვილობილ კომპანიას „ბათუმი რივიერას“ უნდა განეხორციელებინა და რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობას გულისხმობდა, თუმცა პროექტი შეიცვალა.
გასული წელს კი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე, Silk Development-მა „სილქ თაუერსის“ პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. დაანონსებული ცათამბჯენის პროექტის განახლებული პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს დანიური ლანდშაფტის არქიტექტურის კომპანიის MASU Planning-ის მიერ შემუშავებული პროექტით მუნიციპალური პარკის მშენებლობას, რომელიც ჭაჭის კოშკის ადგილას განთავსდება, თავის მხრივ კი ახალი პარკი „სილქ თაუერსის“ პროექტის ნაწილია.
„პარკი ერთიან სივრცეს ქმნის „სილქ თაუერსის“ პროექტთან, რომელიც მულტიფუნქციური კომპლექსია თავისი იახტკლუბით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებითა და ბრენდირებული აპარტამენტებით, კონგრესცენტრით, საცურაო აუზებით, სავაჭრო სივრცეებითა და სხვა ტურისტული ობიექტებით. პროექტი სამ ფაზად განვითარდება და სამივე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამ პროექტში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი კენგო კუმა და მისი პარიზის სტუდია, ასევე ლანდშაფტის დიზაინის ცნობილი სტუდია „მასუ პლენინგი“. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი იწყება პარკის განაშენიანებითა და იახტკლუბით, რაც შექმნის სერიოზულ მიზიდულობის ადგილს. ასევე პირველ ფაზაში აშენდება ორი კოშკი და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება საამაყო, გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონსა და შავიზღვისპირეთში. „სილქ როუდ ჯგუფს“ ასეულობით მილიონი დოლარი გვაქვს დახარჯული უძრავი ქონების პროექტებში, მრავალი წელია ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში“, – აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
„სილქ თაუერსის“ მულტიფუნქციური პროექტი სამ ფაზად წარიმართება:
ფაზა 1: მუნიციპალური პარკი, იახტკლუბი, თაუერ 1, ბრენდირებული აპარტამენტები, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, საცურაო აუზები, რესტორნები და კაფეები
ფაზა 2: თაუერ 2, ბრენდირებული აპარტამენტები, საცურაო აუზები, სავაჭრო ცენტრი
ფაზა 3: თაუერ 3, ბრენდირებული აპარტამენტები, 5+-ვარსკვლავიანი სასტუმრო, კონგრეს-ცენტრი და გასართობი ცენტრი.
თავის მხრივ, პარკი მოიცავს პადელის ორ კორტს, სპორტულ მოედანს, გასართობ ზონებს, დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი