ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მშვიდობა ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს და საბოლოოდ დაკარგოს უკრაინა.
მისი თქმით, ზელენსკის განცხადება, რომ ის ყირიმის ოკუპაციას არ აღიარებს, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.
“უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, The Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე ტრაბახობს, რომ “უკრაინა არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას და აქ სალაპარაკო არაფერია”. ეს განცხადება ძალზე საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან ყირიმი წლების წინ დაიკარგა ბარაკ ჰუსეინ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში და დღეს ეს საკითხი არც განიხილება.
არავინ მოითხოვს ზელენსკისგან, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, მაგრამ თუ ყირიმი მას ნამდვილად სურს, რატომ არ იბრძოდა მის დასაბრუნებლად თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს „უსისხლოდ“ გადაეცა?”, – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, მას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მაგრამ სურს გადაარჩინოს რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც “სრულიად უაზროდ” იღუპებიან.
“ობამას „ჩაბარებამდეც“, მრავალი წლის განმავლობაში ყირიმში რუსეთის წყალქვეშა ნავების ბაზები მდებარეობდა. სწორედ ასეთი პროვოკაციული განცხადებები ართულებს ომის დასრულებას. ზელენსკის სატრაბახო არაფერი აქვს! უკრაინის მდგომარეობა სავალალოა – მას შეუძლია აირჩიოს მშვიდობა ან იბრძოლოს კიდევ სამი წელი და საბოლოოდ მთელი ქვეყანა დაკარგოს. მე არაფერი მაქვს საერთო რუსეთთან, მაგრამ მაქვს სურვილი, გადავარჩინოთ საშუალოდ ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ყოველ კვირას სრულიად უაზროდ იღუპებიან.
ზელენსკის დღევანდელი განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს ამ “სასაკლაოს”, რაც არავის სურს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანი, რომელსაც „არცერთი კოზირი არ აქვს“, ახლა, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერი უნდა დასრულდეს. მე მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რომ დავეხმარო როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და აბსოლუტური ქაოსიდან, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!”, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
