აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს პრესკონფერენცია გამართა ამავე დღეს, უფრო ადრე აშშ-ის ძალების მიერ ვენესუელაზე მიტანილი იერიშის თაობაზე – რომლის დროსაც აშშ-ის ძალებმა დააკავეს და წაიყვანეს ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, მის ცოლთან, სილია ფლორესთან ერთად.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების “უსაფრთხო, რიგიანი და სამართლიანი” გადაცემა გახდება შესაძლებელი.
ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე.
დონალდ ტრამპმა ვენესუელაზე განხორციელებულ დარტყმას უწოდა “ამერიკის სამხედრო ძალისა და კომპეტენციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ეფექტიანი და მძლავრი დემონსტრირება”. მისი თქმით, ოპერაციისას გამოყენებული იყო საჰაერო სივრცე, ხმელეთი და ზღვა და არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა.
“ისინი გველოდნენ, იცოდნენ, რომ მივიდოდით” – განაცხადა ტრამპმა.
ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის ძალები მზად იყვნენ მეორე, უფრო მასშტაბური დარტყმისთვის ვენესუელაზე, მაგრამ ეს საჭირო არ აღმოჩნდა.
პრესკონფერენციამდე ტრამპმა გამოაქვეყნა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე მყოფი, თვალებახვეული და ხელბორკილებიანი მადუროს ფოტო.
მადუროს და მის ცოლს ნიუ-იორკში წაუყენებენ ბრალდებებს. მათ ბრალად ედება ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულები – წერს ბონდი პლატფორმაზე X. კონკრეტულად, მადუროს ადანაშაულებენ “ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში” და “კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში”. მას ასევე ბრალად ედება ავტომატური იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობა.
ფორუმი




