ჰამასის მიერ ისრაელიდან ორი წლის გატაცებული მძევლების გათავისუფლების დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ, ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰამასმა დღეს გაათავისუფლა ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევალი, სულ 20 ადამიანი.
ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა დაიწყო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება. სულ 2000-მდე პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.
პრეზიდენტ ტრამპს თელ-ავივის აეროპორტში დახვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ. ისინი გაემგზავრნენ იერუსალიმში, სადაც ისრაელის პარლამენტის, ქნესეთისადმი მიმართვამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში. „ეს ჩემთვის დიდი პატივია. დიდი და შესანიშნავი დღე. ახალი დასაწყისი”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ქნესეთში მისულ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ოფიციალურად დასრულდა თუ არა ომი, რაზეც უპასუხა: „დიახ“. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება.
დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად პარლამენტის შენობაში შეხვდა ჰამასის მიერ ჯერ კიდევ 13 ოქტომბრამდე გათავისუფლებულ მძევლებს და მათი ოჯახების წევრებს.
ისრაელის პარლამენტის არაერთი დეპუტატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დახვდა წითელი ქუდებით, რომლებზეც აწერია: „ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტი“.
ისრაელის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი ელოდებოდა მძევლების გათავისუფლებას. ქუჩებში გამოჰფინეს პლაკატებიც პრეზიდენტ ტრამპისადმი სამადლობელი სიტყვებით.
ისრაელის მიერ გათავისფლებული პატიმრების დასახვედრად ღაზის სექტორში შეიკრიბა ათასობით პალესტინელიც.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას გასულ კვირაში, ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
ტრამპის გეგმა მძევლების და პატიმრების გათავისუფების გარდა ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
დღეს, 13 ოქტომბერს ეგვიპტეში გაიმართება საერთაშორისო „მშვიდობის სამიტი”, რომელზეც ხელი მოეწერება ღაზის სექტორში ომის დასრულების შეთანხმებას.
· ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
· პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი
