Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის შემდეგ, თურქეთისთვის სანქციების მოხსნასა და ავიაგამანადგურებლების მიყიდვის გაგრძელებას განიხილავს.
ორმა წყარომ Fox News-სთან დაადასტურა, რომ ტრამპმა თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის დასრულების განზრახვა გამოხატა და მზად არის, ასევე მისთვის F-35-ების მიყიდვაც განიხილოს, თუკი მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, რომლითაც თურქეთის რუსული S-400 სისტემები გამოუსადეგარი გახდება.
Fox News წერს, რომ პოტენციური შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების დაშლა ან თურქეთში აშშ-ს კონტროლქვეშ არსებულ ბაზაზე გადატანა მოხდეს.
წინა წელს აშშ-ს კონგრესმა თურქეთისთვის $23 მილიარდის ღირებულების 40 ერთეული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლისა და უკვე მფლობელობაში არსებული ფლოტის მოდერნიზებისთვის 79 ერთეული აღჭურვილობათა ნაკრების მიყიდვა დაამტკიცა, თუმცა თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანია Lockheed Martin-ს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
20 მარტს გამოცემა Bloomberg წერდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ თურქეთს მაისამდე გაუხანგრძლივა პრივილეგია, რომელიც მას სანქციების მიუხედავად რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის, 16 მარტს ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და როგორც რეგიონული, ასევე გლობალური საკითხები განიხილეს.
თურქული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპის ინიციატივას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დამთავრდეს და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ომის დაწყებიდანვე ისწრაფოდა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ.
ამასთანავე, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა სირიაზე დაწესებული სანქციების ერთობლივად მოხსნას გაუსვა ხაზი, რათა სტაბილურობა აღდგეს და “ახალი ადმინისტრაცია ფუნქციონალური” გახდეს.
ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპს უთხრა, რომ იგი აშშ-სგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ დამატებით ნაბიჯებს მოელის იმგვარი მიდგომით, რომელიც ახალ ეპოქაში თურქეთის ინტერესებსაც ითვალისწინებს.
უწყების მიხედვით, ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად აშშ-ს მხრიდან CAATSA-ის სანქციების მოხსნა, F-16-ების შესყიდვის პროცესის დამთავრება, და F-35-ების პროგრამაში თურქეთის კვლავ გაწევრიანებაა საჭირო.
თურქეთი F-35-ების პროგრამიდან რუსული S-400-ების შესყიდვის შემდეგ გააგდეს, რადგან არსებობდა შიშები, რომ რუსული სისტემების აშშ-ს მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო თვითმფრინავებთან სიახლოვეს ყოფნა შპიონაჟის მხრივ პრობლემებს შექმნიდა.
“F-35 ვერ იარსებებს რუსულ სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ პლატფორმასთან ერთად, რაც გამოყენებული იქნება, რათა მისი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები შესწავლილი იყოს”. – განაცხადა თეთრმა სახლმა 2019 წელს და დაამატა, რომ S-400-ების შესყიდვას “დამაზიანებელი შედეგები” ექნებოდა NATO-ში თურქეთის მხრიდან მონაწილეობის მიღებაზე.
თურქეთმა რუსეთთან S-400-ების შესყიდვაზე $2.5-მილიარდიანი შეთანხმება 2017 წელს დადო მიუხედავად აშშ-ს გაფრთხილებისა, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვებოდა. თურქეთის დასარწმუნებლად აშშ-მ ანკარას Patriot-ის სისტემების მიყიდვა შესთავაზა, თუმცა თურქეთი Patriot-ებთან ერთად სისტემების სენსიტიური სარაკეტო ტექნოლოგიის მიღებასაც ითხოვდა, რაზეც აშშ-მ უარი თქვა.
წყარო: tabula.ge