აშშ-ის მიერ ვენესუელის მეთაურის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავების შემდეგ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან ფიცი 5 იანვარს დადო.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 იანვარს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია NBC News-ს. მას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ვენესუელაში არჩევნების ჩატარება მომავალ თვეში. ტრამპმა უპასუხა, რომ არა, ამას დრო დასჭირდება და მანამდე ქვეყანაში წესრიგი უნდა დაამყარონ და „გამოაჯანმრთელონ”.
ტრამპის თანახმად, შეერთებული შტატები განიხილავს ნავთობკომპანიების სუბსიდირებას, რათა მათ ვენესუელის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აღადგინონ და ამას შესაძლოა, 18 თვე დასჭირდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაასახელა შემადგენლობა ჯგუფის, რომელიც ვენესუელაში პროცესებს გააკონტროლებს – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. შეკითხვაზე ვინ ხელმძღვანელობს ვენესუელას, ტრამპმა უპასუხა, რომ ის.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ომი აქვს არა ვენესუელასთან, არამედ იმ ხალხთან, ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობს.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მზად არიან ვენესუელაში ისევ ჩაატარონ სამხედრო ოპერაცია, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
როდრიგესმა პრეზიდენტის ფიცის დადებამდე ერთი დღით ადრე, 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
· 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
· პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
· 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
· სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტი პირველად 2013 წლის აპრილში გახდა.
· ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
· მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.
ფორუმი




