აშშ-ს ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ თავდასხმების გამო გააკრიტიკა.
“ნება მომეცით, კარგად გავიგო. ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში (სადაც მე დავამარცხე ISIS!) ვყრით და ამ ოპერაციას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, რომელიც 5 დღეა არ გამოჩენილა, საავადმყოფოს პალატიდან ლეპტოპით ხელმძღვანელობს”. – წერს ტრამპი Truth Social პოსტში.
ამავე განცხადებაში ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა “ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის წინდაუხედავი პროცესისა და აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შექმნის გამო”.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 1-ელ იანვარს პროსტატის სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიქსი იანვრის დასაწყისში სამი დღით დაიკავა თანამდებობა, ოსტინმა ამ დროისთვის თავისი მოვალეობების შესრულება განაახლა.
12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.