ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ამ ქვეყნის მმართველის, ნიკოლას მადუროს დაკავებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ვენესუელიდან მიიღებს 30-დან 50 მილიონამდე ბარელ ნავთობს.
ტრამპის მიერ თავის სოციალურ ქსელ Truth-ში 7 იანვარს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სანქციების ქვეშ მყოფი მაღალი ხარისხის ნავთობი, რომელსაც აშშ-ს ვენესუელის დროებითი ხელისუფლება გადასცემს, საბაზრო ფასად გაიყიდება.
ტრამპის განცხადებით, ის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამ ფულს გააკონტროლებს, რათა გარანტირებული იყოს თანხის გამოყენება ვენესუელის ხალხის და აშშ-ის სასარგებლოდ.
პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ რაიტს სთხოვა გეგმის დაუყოვნებლივ შესრულება. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ვენესუელის ნავთობს გემებით ჩაიტანენ აშშ-ის სატვირთო ტერმინალებში.
ვენესუელა მსოფლიოში პირველ ადგილზეა ნავთობის დადასტურებული რეზერვების მოცულობით, თუმცა მოპოვების დონე დაბალია.
ვენესუელა შეერთებული შტატებისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვენესუელის მაშინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაცია განახორციელა და კონფისკაციას დაუქვემდებარა ქვეყანაში მომუშავე ამერიკული ნავთობკომპანიების საკუთრებაც.
ჩავესის პოლიტიკა გააგრძელა ნიკოლას მადურომ, რომელიც ვენესუელის ხელისუფლების სათავეში 2013 წელს მოვიდა.
· 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.
· პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
· 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
· ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებები.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
მადუროს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტს ბრალად დასდო საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევა.
დეკემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა.
ფორუმი




