ტრამპის 10%-იანი ტარიფი ქართველ მეწარმეებზე დადებითად იმოქმედებს – მოსაზრება

ამერიკულ სატარიფო ნუსხაში საქართველო ყველაზე დაბალ პროცენტულ განაკვეთში მოჰყვა. ეს გარემოება კი, ბიზესის ერთი ნაწილის განცხადებით, ქართულ პროდუქციას -ში კონკურენტუნარიანს გახდის. მათი მოსაზრება ასეთია – სატარიფო პირობებში გაძვირდება ყველა ქვეყნის პროდუქცია, თუმცა საქართველოში წარმოებული ყველაზე ნაკლებად, სწორედ დაბალი პროცენტული გადასახადის გათვალიწინებით. ასე რომ, ტრამპის გადაწყვეტილება ქართველი მწარმოებლებისთვის შეიძლება სასსრგებლოც აღმოჩნდეს.
საქართველო, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ყველაზე დაბალ 10%-იან სატარიფო გადასახადის სიაშია. სხვა სახელმწიფოებს ამერიკაში პროდუქციის შესატანად ბევრად მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების პროდუქცია უფრო გაძვირდება, ვიდრე ქართული.
სწორედ ასე ფიქრობენ კომპანია “ჩიკორაში”, რომლის თანადამფუძნებელი ანანო ბეჟანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა, კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს კიდეც.
“აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები გარკვეულ გავლენას გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მოახდენს. სხვა ევროპულ ქვეყნებს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდა და შესაძლებელია, რომ ამერიკის ბაზარზე კონკურენტების პროდუქცია უფრო მეტად გაძვირდეს, რაც ჩვენ კონკურენციის გაწევაში უფრო დაგვეხმარება”, – განაცხადა ანანო ბეჟანიშვილმა.
იგივე მოსაზრება აქვთ მეღვინეებსაც და ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. როგორც კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი მიიჩნევს, დრო აჩვენებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართული პროდუქცია აღმოჩნდება თუ არა უფრო კონკურენტუნარიანი.
“ჩვენ ამერიკულ ბაზარზე გარკვეულწილად ვართ წარმოდეგნილი, თუმცა გვაქვს ახალი სტრატეგია და მის შესაბამისად, ახალი პატრნიორის ძიების პროცესში ვიმყოფებით.
რაც შეეხება ამერიკაში დაწესებულ გადასახადს, ნებისმიერი სახის გაძვირება პოტენციურად გავლენის მომხდენია, თუმცა ღვინის შემთხვევაში, ეს ტარიფი მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს. ევროპიდან შეტანილ ღვინოზე ამერიკაში გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოდან და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაძვირება უფრო ნაკლებად სარისკოა იმ ღვინოებისთვის, რომელიც გამოირჩევიან თავიანთი მაღალი ხარისხით. ღვინო რაც უფრო ხარისხიანია, მით უფრო ნაკლებად იქნება მასზე უარყოფითი ზეგავლენა. ამერიკაში წარმოდგენილი ყველა ღვინო მინიმუმ 10%-ით გაძვირდება”, – ამბობს ზურაბ მარგველაშვილი და კითხვაზე, რადგან სხვა ქვეყნებს პროდუქცია უფრო მეტად გაუძვირდება, ქართული ღვინოს კონკურენცია თუ გაიზრდება? – უპასუხა: “არ არის გამორიცხული, ამ ყველაფერს დრო აჩვენებს”.
მართალია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ამერიკაში ნაკლებად არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე დაბალმა სატარიფო გადასახადმა ქართული საქონლის მიმართ შესაძლოა, ინტერესი მართლაც გაზარდოს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, ამ სატარიფო გადაწყვეტილებას არანაირი უარყოფითი გავლენის მოტანა არ შეუძლია, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე.
“ბიზნესის პათოსი და მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვეხო მინიმუალური ტარიფი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სავსებით რეალურია და ბუნებრივია. ამან უარყოფითი კი არა, შესაძლოა, დადებითი როლი ითამაშოს, თუმცა დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი ამერიკაში. სამწუხაროდ, დაბალია ექსპორტის სტატისტიკა და ბუნებრივია, ვისურვებდი, რომ გაუმჯობესდეს.
რაც შეეხება 10%-იან ტარიფს, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნები სწორედ 10%-იან განაკვეთში აღმოვჩნდით. ბუნებრივია, ეს არის უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნების უფრო მაღალი საექსპორტო გადასახადი და ისიც ბუნებრივია, რომ ამ პირობებში უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, ვიდრე პრობლემა.
ჩვენ რომ ამერიკაში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს, ვიტყოდი, რომ ქართული პროდუქცია უფრო მეტად კონკურენტული იქნებოდა, ვიდრე მაგალითად, ევროკავშირის სხვადასხვა საქონელი, რომელსაც უფრო მაღალი ტარიფი დაუწესეს, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის არც ერთ ჩვენს პროდუქციას აქტიურად არ აქვს დამკვიდრებული ადგილი. ამიტომ ამაზე საუბარი რთულია, თუმცა იმის თქმა თამამად შეგვიძლია, რომ 10%-ია ტარიფს არანაირი უარყოფითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, პირიქით, თუ ქართული კომპანიები მოინდომებენ და ეცდებიან, რომ ადგილი დაიმკვირდონ ამერიკაში, ახლა ეს შესაძლებლობა უფრო გაზრდილია. ჩვენი მეწარმეები კონკურენტულ უპირატესობას ფლობენ, ვიდრე სხვა ქვეყნები, ამიტომ, რაღაც მხრივ კარგია, რადგან ჩვენ შეგვეხო მინიმალური განაკვეთი”, – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს მთავრობაშიც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი სატარიფო გადასახადის გათვალისწინებით, საქართველო უპირატეს მდგომარეობაშია.
“საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი. აშშ-სთან ჩვენს სავაჭრო სტრუქტურას რომ გადავხედოთ, საქართველოდან დაახლოებით 150 მილიონ დოლარამდე პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის (60%-ზე მეტი). ამ შემთხვევაში, ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს წარმოადგენს.
როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შანსი გვეძლევა. მაგალითად, ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენგან ექსპორტირებული 10%-ის რეჟიმში იბეგრება და ასეთია ღვინო, შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტულ ღვინოსთან შედარებით. აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, 10%-იანი გადასახადი, არსებულ 4%-თან ერთად, ანუ ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ეკონომიკურად წაახალისოს კიდეც ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა, დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დონალდ ტრამპმა 2 აპრილს წარადგინა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა. ტარიფი დაუწესდა 180 სახელმწიფო. ზოგიერთ ქვეყანას 50%-იანი განაკვეთიც განუსაზღვრეს. საქართველოს მინიმალური, 10%-იანი ტარიფი შეეხო.
წყარო: “რეზონანსი”