საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ის შემუშავებული 3-წინადადებიანი რეზოლუციის მიღებას უკრაინა–რუსეთის ომთან დაკავშირებით, – რომელშიც რუსეთი აგრესორად არაა მოხსენიებული, – უწოდებს ამერიკული დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მნიშვნელოვან გამარჯვებას.
„აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად“, – წერს საელჩო 25 თებერვალს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, – აცხადებს საელჩო.
აშშ-ის საელჩო ასევე მიუთითებს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს შესთავაზა „მარტივი, ისტორიული რეზოლუცია“, რომელიც „ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია“.
უშიშროების საბჭოს რეზოლუცია
გაეროს უშიშროების საბჭომ – რომელსაც 15 ქვეყანა აკომპლექტებს – ორშაბათს აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით.
3-წინადადებიანი ტექსტი შეიცავს მოწოდებას ომის სწრაფად დასრულებისკენ, თუმცა რუსეთი აგრესორად არაა მოხსენიებული.
ეს არის გაეროს ყველაზე გავლენიანი ორგანოს მიერ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ მიღებული პირველი ერთობლივი გადაწყვეტილება.
აშშ-ის რეზოლუციას უშიშროების საბჭოში 10-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, – მათ შორის თავად აშშ-მა, რუსეთის ფედერაციამ და ჩინეთმა. საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს.
კერძოდ, რეზოლუციით, გაეროს უშიშროების საბჭო:
„გლოვობს რუსეთის ფედერაცია-უკრაინის კონფლიქტის გამო ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგებს,
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მიზანი, – როგორც ეს არის გამოხატული გაეროს წესდებაში, – არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა,
ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და ასევე მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობისკენ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის“.
რეზოლუციები გენერალურ ასამბლეაზე
შეერთებულ შტატებს ზუსტად იგივე რეზოლუცია ჰქონდა ინიციირებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, – სადაც მსოფლიოს 193 ქვეყანა აძლევს ხმას.
ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებებით – მას შემდეგ, რაც დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში.
საბოლოოდ, გენერალურ ასამბლეაზე აშშ-მა საკუთარ რეზოლუციას, რომელშიც შესწორებები შევიდა, მხარი არ დაუჭირა – თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. ასევე მოიქცა საქართველოც. რუსეთი წინააღმდეგ წავიდა.
გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მეორე რეზოლუციაც, – უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც ითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას.
უკრაინულ-ევროპულ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო:
· მას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და თურქეთმა;
· წინააღმდეგ წავიდა 18 ქვეყანა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები;
· თავი შეიკავა 65-მა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა. ასევე – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ;
· საქართველომ საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე მოიქცა აზერბაიჯანიც.
რეზოლუციის სახელწოდებაა: „მივიწევთ სიღრმისეული, სამართლიანი და განგრძობადი მშვიდობისათვის უკრაინაში“.
საქართველო, – რომელსაც ამ რეზოლუციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, – გაეროს საიტზე გამოქვეყნებული პირველადი რეზოლუციის პროექტში მითითებულია, როგორც უკრაინის შესახებ ამ რეზოლუციის თანაავტორი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა ძალიან მალე იქნება წარმატებული“, – განაცხადა 25 თებერვალს ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აღარ აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია ევროკავშირის ლიდერებს; აშშ-მა, წინა ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
2024 წელს ე.წ. აგენტების კანონისა და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
ფორუმი
