“ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა”, – ამის შესახებ შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მადრიდში, ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, „ბრიუსელის გამო ევროპა მოიცვეს არალეგალმა იმიგრანტებმა“.
მისივე თქმით, ევროპის მოსახლეობის ჩანაცვლება არის არა კონსპირაციული თეორია, არამედ ნამდვილი პრაქტიკა.
„ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა. გუშინ ჩვენ მათთვის ერეტიკოსები ვიყავით, დღეს კი მეინსტრიმი ვართ. […] დღეს პროგრესული გლობალური ელიტა იპარავს ევროპას ევროპელებისგან“, – თქვა ორბანმა.
შეგახსენებთ, მადრიდში ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტი გაიმართა, რომლის სლოგანი იყო – „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი“. სამიტის მონაწილეები, რომლებიც ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ბლოკში („პატრიოტები“) შემავალი პარტიების ხელმძღვანელები იყვნენ, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნებას მიესალმნენ.
ღონისძიებაში მონაწილეებს შორის იყვნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, ასევე საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენი და ნიდერლანდების „თავისუფლების პარტიის” ხელმძღვანელი ხეერტ ვილდერსი.
სიტყვით გამომსვლელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმიგრაციაზე, „ვოუქიზმზე“, მიგრანტების დახმარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სხვა საკითხებზე.
მონაწილეებმა გააკრიტიკეს ევროკავშირის პოლიტიკა.
„ევროკავშირი ფიტავს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, რათა დანერგოს უუნარობა. ის აფერხებს ჩვენი ხალხების შემოქმედებით ძალებს, რათა თავს მოახვიოს სულელური და უნაყოფო სტანდარტიზაცია. ის ძირს უთხრის მშენებლის სულისკვეთებას, ბორკავს იმ ადამიანებს, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან შეზღუდვების, აკრძალვებისა და დეკონსტრუქციის ლოგიკით“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ევროპარლამენტში „პატრიოტების” ჯგუფი 2024 წლის მაისში გამართული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა და 14 ქვეყნის 86 ევროპარლამენტარისგან შედგება.
