კანადის პროვინციის ონტარიოს პრემიერ-მინისტრი დაგ ფორდი შეერთებულ შტატებს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. მუქარა სისრულეში იმ შემთხვევაში მოვა, თუ დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და კანადურ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს. ინფორმაციას ტელეარხი CBC ავრცელებს.
,,ჩვენ მივიღებთ უკიდურეს ზომებს. ჩვენ ელექტროენერგიას გავუთიშავთ მიჩიგანს, ნიუ-იორკის შტატსა და ვისკონსინს. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ. ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია – დავიცვა ონტარიო, პროვინციის ხალხი და ყველა კანადელი“.- განაცხადა დაგ ფორდმა.
2023 წელს ონტარიომ ელექტროენერგია აშშ-ში 1,5 მილიონ ოჯახს მიაწოდა. კანადის ეს პროვინცია ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორია ნიუ-იორკის, მიჩიგანისა და მინესოტას შტატებში.
ფორდმა აღნიშნა, რომ კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი მალე შეადგენს აშშ-ს საქონლის სიას, რომლებზეც კანადა საპასუხო ტარიფებს დააწესებს. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თანამდებობის დაკავებიდან პირველივე დღიდან აპირებს, შეერთებულ შტატებში კანადიდან და მექსიკიდან შემოსულ ყველა საქონელზე 25%-იანი ტარიფი დააწესოს. ამის შემდეგ, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო ტრამპს ფლორიდის რეზიდენციაში შეხვდა. მან ასევე ორი შეხვედრა გამართა კანადის პროვინციების პრემიერებთან, რათა განეხილა სავარაუდო პასუხები.