„ასე გამოიყურება გამარჯვება,“ – განაცხადა ილონ მასკმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორედ ვადით არჩევის დღეს. „მე წარმოუდგენლად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ… ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ღირებულება, რაც ძალიან მიყვარს, სწორედ ოპტიმიზმია.“
საინტერესოა, ამავეს ფიქრობს თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის მე-100 დღეს, როდესაც ამერიკის საფონდო ბირჟამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი სტარტი აჩვენა – S&P 500-იც და Dow Jones-იც დაახლოებით 8%-ით დაეცა, რაც დიდწილად ტრამპის სავაჭრო და ტარიფების პოლიტიკით არის გამოწვეული.
ამერიკულმა Forbes-მა იმ მილიარდერების ათეულები შემოგვთავაზა, რომელთა ქონება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა და შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ილონ მასკმა განიცადა – ის ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე 45 მილიარდი დოლარით გაღარიბდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მასკი საჯაროდ დაუპირისპირდა ტარიფების მიმართულებით ტრამპის მრჩეველ პიტერ ნავაროს, თავი დაანება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ყურადღება კვლავ Tesla-სკენ მიმართა. შეგახსენებთ, ტარიფების შიშმა და მასკის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა კომპანიის აქციების ფასის 33%-იანი ვარდნა გამოიწვია.
თუმცა მასკი ერთადერთი მილიარდერი არაა, ვინც ტრამპის მეორე ვადაში მნიშვნელოვნად დაზარალდა. მთლიანობაში, ამერიკელი მილიარდერები ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან დღემდე $300 მილიარდით გაღარიბდნენ. ყველაზე მეტად დაზარალებულთა ათეულში მასკთან ერთად ასევე მოხვდნენ ჯეფ ბეზოსი (Amazon), სერგეი ბრინი (Google) და მარკ ცუკერბერგი (Meta), რომლებიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრნენ – ამ დღის შემდეგ მათი ქონება, შესაბამისად, $35, $26 და $22 მილიარდით შემცირდა.
გაღარიბდნენ ტრამპის მხარდამჭერი სხვა მილიარდერებიც. ლარი ელისონი (Oracle), რომელმაც ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში $500-მილიარდიან ინიციატივაზე ისაუბრა, $28 მილიარდით გაღარიბდა და მასკისა და ბეზოსის შემდეგ, დანაკარგის მოცულობით, მესამე ადგილზეა. Blackstone-ის დამფუძნებელ სტივენ შვარცმანის ქონება კი $11 მილიარდით შემცირდა.
თუმცა, ამერიკელი მილიარდერების ნაწილმა, გამდიდრება ბაზარზე არსებულ ქაოსშიც მოახერხა. მათ შორის არის უორენ ბაფეტი, რომელმაც „ტარიფები გარკვეულწილად ომის აქტად“ შეაფასა. მან Berkshire Hathaway-ის აქციების სტაბილურად შენარჩუნება და კომპანიის რეკორდული, $334 მილიარდის ნაღდი ფულით გაძლიერება შეძლო. ეს ნაბიჯი კომპანიის აქციების ფასის 13%-ით ზრდას დაეხმარა და ბაფეტი $20 მილიარდით გაამდიდრა.
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გამდიდრებულ სხვა მილიარდერებს შორის არიან: პიტერ ტილი (+$4.9 მლრდ) და ალექსანდრ კარპი (+$3.6 მლრდ), რომლის კომპანია Palantir-ი აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებული თავდაცვისა და პროგრამული უზრუნველყოფის კონტრაქტების წყალობით ბაზარზე უფრო პოპულარული გახდა. Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის მემკვიდრე შვილებმა, თითოეულმა მინიმუმ $3 მილიარდი შემატა ქონებას. Walmart-მა მომხმარებელთა დიდი ნაწილის ყურადღება მაღალი ინფლაციის ფონზე სწორი ნაბიჯებითა და აქციებით მიიპყრო.
აღნიშნულ პერიოდში, Microsoft-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა, რომლის ქონების დიდი ნაწილი სწორედ ამ კომპანიის აქციებზე მოდის, $8 მილიარდი დაკარგა. თუმცა კომპანიის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ქონება სხვადასხვა ინვესტიციებზე გაანაწილა, მათ შორის 35%-იან წილზე ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანია Republic Services-ში (რომლის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა), რისი წყალობითაც ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ მოგებული მილიარდერების ათეულში მოხვდა.
რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტ ტრამპს, მისი ქონება $1.5 მილიარდით შემცირდა, რაც Truth Social-ის მშობელი კომპანიის – Trump Media & Technology Group-ის აქციების 35%-ით გაუფასურებამ გამოიწვია.
