„ტრამპის მარშრუტი“ და შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი, უდავოდ, კონკურენტები არიან“ – პაატა ცაგარეიშვილი (bm.ge)

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ „ტრამპის მარშრუტი“ იგივე ზანგეზურის დერეფანი, შუა დერეფნის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის კონკურენტი ხდება. ასეთია პაატა ცაგარეიშვილის პასუხი BMG tv-ის გადაცემა #რედატ2-ში დასმული კითხვის საპასუხოდ – ტრამპის მარშრუტი შუა დერეფნის კონკურენტია თუ შემავსებელი.
ის ზანგეზურის დერეფანს შუა დერეფნის ჩინეთიდან ევროპამდე მონაკვეთისა და უფრო ვიწრო აზერბაიჯანი-საქართველოს არეალებში აფასებს და ამბობს, რომ ფართო ჭრილში ეს მონაკვეთი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო გზის შემავსებელი იქნება.
„დიდ სურათში შევხედოთ ჩინეთიდან საქართველოს ნავსადგურებში ტვირთების გადაზიდვებს. ჩვენი შუა დერეფანია და გარკვეულწილად თუ ამ ჭრილში შევხედავთ “ტრამპის მარშრუტი” შემავსებელია, მაგრამ თუ კონკრეტულად აზერბაიჯანიდან ჩვენს პორტებამდე შევხედავთ – ის კონკურენტია. კონკურენციით, თუ რა მოცულობის ტვირთს წაიღებს შუა დერეფნიდან ზანგეზურის დერეფანი, კვლევას ესაჭიროება, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნების დებლოკირების საკითხი მნიშვნელოვნად აამოქმედებს იმ საწარმოებს, რომლებიც აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების შედეგად გაჩერებული იყო. ეს არის, პირველ რიგში, ლითონის მომპოვებელი საბადოები, ეს მცირე რაოდენობებია, რაც ჩინეთისკენ უნდა წავიდეს. აი, მაგალითად, ზანგეზურის მოლიბდენის კომბინატი არსებობს, რომელიც ზანგეზურის დერეფნის თავზეა განლაგებული. დღეს ეს კომბინატი მუშაობს, მაგრამ თავისი ტვირთი მოაქვს ს და ს ნავსადგურებში და იქიდან ჩინეთში მიდის. ამ კომბინატს სომხეთის მშპ-ში ბიუჯეტში სხვათა შორის 7% უკავია. გარდა ამისა, დაახლოებით ანალოგიური 5 კომბინატია მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე, რომლებიც დერეფნების დებლოკირებას უცდიან. ამ კომბინატებიდან ტვირთები ჩინეთისკენ უნდა მიიმართოს და საქართველოს ნავსადგურებიდან კი არ წამოვა, არამედ პირდაპირ ზანგეზურის დერეფნის გამოყენებით წავა. აქედან გამომდინარე, აი ამ მოკლე სეგმენტში, თქვენს შეკითხვას რომ სრულყოფილად ვუპასუხო – აზერბაიჯანიდან, საქართველოს ნავსადგურებამდე ზანგეზურის და შუა დერეფნის, საქართველოზე გამავალი ეს მონაკვეთი უდავოდ კონკურენტები არიან“, – განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.
bm.ge