„ქართული ოცნების“ მთავრობიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა არავის მიუღია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, მოწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს. „ქართული ოცნების“ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება 28 ნოემბრიდან – მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს. უწყვეტი აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.
2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. „აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“ ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს. საქართველოსთან პარტნიორობის შეჩერებამდე ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს დებს ფიცს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.
ფორუმი