აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელი დაკავებულია.
ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ეჭვმიტანილთან დაახლოებულმა პირმა ის პოლიციას გადასცა. ტრამპი იმედოვნებს, რომ ეჭვმიტანილი სიკვდილით დაისჯება.
10 სექტემბერს იუტას შტატში მოკლეს ახალგაზრდული ორგანიზაცია Turning Point USA-ის თანადამფუძნებელი, პოპულარული კონსერვატორი კომენტატორი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენიანი მოკავშირე ჩარლი კირკი. მკვლელის ძებნა გრძელდება.
თავდაპირველად დაკავებული ორი ადამიანი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც, ოფიციალური პირების თქმით, სროლასთან მათი კავშირი არ დადგინდა.
ჩარლი კირკი 31 წლის იყო. მან 18 წლის ასაკში დააარსა კონსერვატიული ჯგუფი Turning Point USA, რომლის მიზანიც ლიბერალური ორიენტაციის მქონე აშშ-ის კოლეჯებში კონსერვატიული იდეოლოგიის გავრცელება იყო. ის იყო აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატორი აქტივისტი, მედიაპერსონა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირე.
ჩარლი კირკს 10 სექტემბერს ესროლეს, იუტას შტატის უნივერსიტეტის კამპუსში, კარავში, როდესაც Turning Point USA-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა. მას ტყვია ყელში მოხვდა. კირკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების გული ჩარლიზე უკეთ არავის ესმოდა და არ ჰქონია“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
