ტრამპის თქმით, მოხარული იქნება, თუ აშშ ბრიტანული თანამეგობრობის ასოცირებული წევრი გახდება

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, თუკი აშშ ერთა თანამეგობრობის “ასოცირებული წევრი” გახდება იმ შემთხვევაში, თუ მეფე ჩარლზი მას ამას შესთავაზებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა 21 მარტს Truth Social-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბრიტანული გამოცემა The Sun-ის სიახლე, რომელშიც საუბარი იყო მეფე ჩარლზის მიერ ტრამპისთვის მომზადებულ “საიდუმლო შეთავაზებაზე”, რომელსაც იგი ტრამპს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს წარუდგენს.
“მე მიყვარს მეფე ჩარლზი. ჩემთვის კარგად ჟღერს ეს!” – დაწერა ტრამპმა პოსტში.
გამოცემა The Sun წერდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში სავარაუდოდ გეგმაზე მუშაობენ, რათა აშშ ერთა თანამეგობრობის მომდევნო “ასოცირებული წევრი” გახდეს. საერთაშორისო ასოციაციაში ამჟამად 56 წევრია, რომელთა უმრავლესობაც ბრიტანეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიები იყვნენ, გარდა მოზამბიკისა და რუანდისა.
წარსულში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს და მეზობელ ქვეყანას არაერთხელ დაემუქრა ტარიფებით. The Sun-ის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ კანადა, რომლის მეთაურიც მეფე ჩარლზია, ასევე ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაცაა, შესაბამისად, ასოციაციაში აშშ-ს გაწევრიანებამ, შესაძლოა, ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამსუბუქოს.
ცნობისთვის, კანადის ახალი პრემიერმინისტრი, მარკ კარნი, მეფე ჩარლზს ამ კვირაში შეხვდა, ხოლო ქვეყანა თანამეგობრობის წევრი 1931 წლიდან არის.
აშშ ერთა თანამეგობრობის წევრი არასდროს ყოფილა. ტრამპის პირველი ვედით პრეზიდენტობის დროს სამეფო თანამეგობრობის საზოგადოების (RCS) ინიციატივითა და დედოფალი ელისაბედის კურთხევით იყო შემოთავაზებები, რომ აშშ ასოციაციაში გაწევრიანებულიყო.
Daily Mail-ის წყაროს ცნობით, ეს საკითხი “უმაღლეს დონეზე” განიხილება , ხოლო საზოგადოების წევრები იმედოვნებენ, რომ მეფე ჩარლზი თანამეგობრობაში აშშ-ს მიწვევის თემას ტრამპთან შეხვედრის დროს განიხილავს.
წტარო: tabula.ge