ტრამპის თქმით, ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ ირანის რეჟიმი, როგორც ჩანს წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს და აღნიშნა, რომ ვითარებას ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამასთან, მან თქვა, რომ განიხილავს ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტსაც, მათ შორის, შესაძლო სამხედრო ვარიანტებს.
“როგორც ჩანს, იწყებენ [წითელი ხაზების გადაკვეთას]. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. […] ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – თქვა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, რადგან, ირანის რეჟიმმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ.
“გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს”, – თქვა მან.
უკვე მე-16 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.
ირანის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტების დარბევას მსხვერპლი და ადამიანების დაშავება მოჰყვა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.