ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს, რის შესახებაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უთხრა.
15 ოქტომბერს თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ მოდი მისი მეგობარია და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ უკმაყოფილებას იწვევდა ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა, რადგან ეს რუსეთს აძლევს ომის გაგრძელების შესაძლებლობას.
ტრამპის განცხადებით, დღეს(15 ოქტომბერს) მოდიმ დაარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ეს დიდი ნაბიჯია და ახლა ჩინეთი უნდა აიძულონ, რომ იგივე გააკეთოს.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს დაუყოვნებლივ ვერ შეწყვეტს, თუმცა პროცესი მალე დასრულდება.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ არაერთმა მედიასაშუალებამ კომენტარისთვის მიმართა ინდოეთის საელჩოს ვაშინგტონში, თუმცა პასუხი არ ყოფილა.
ბოლო თვეებში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინდოეთს არაერთხელ მოუწოდა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტისკენ და უარის გამო 2025 წლის აგვისტოში დამატებით 25%-იანი საბაჟო გადასახადიც დაუწესა.
ინდოეთის ხელისუფლებამ აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა და მიუთითა, რომ ვაშინგტონის ზოგიერთი მოკავშირე დღემდე განაგრძობს რუსეთთან ვაჭრობას.
გასულ კვირაში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა და განიხილეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესში მიაღწიეს.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არა მხოლოდ ინდოეთისა და ჩინეთისგან, არამედ ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგანაც მოითხოვს რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას, რათა კრემლმა დაკარგოს მნიშვნელოვანი შემოსავალი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად და მოლაპარაკებებს დასთანხმდეს.
აშშ რუსული ენერგომატარებლების იმპორტის შეწყვეტას მოელის „დიდი შვიდეულის“ წევრი იაპონიისგანაც. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც 15 ოქტომბერს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განიხილა იაპონელ კოლეგა კაცუნობუ კატოსთან შეხვედრისას.
ფორუმი
