ტრამპის ზეწოლით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი პოსტს ტოვებს

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის (RNC) თავმჯდომარე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. რონა მაკდანიელმა ამ ნაბიჯის შესახებ განცხადება ორშაბათს, 26 თებერვალს გააკეთა. პოსტს ტოვებს თანათავმჯდომარე დრიუ მაკკისიკიც.
პარტიის ლიდერის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პარტიაში კვირების მანძილზე გაჭიანურებული ზეწოლით არის ნაკარნახევი. მაკდანიელის ვარაუდით, ამ წნეხის უკან დგას, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და წლევანდელ არჩევნებზე დიდი ალბათობით, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
“ისტორიულად, RNC-ში ცვლილებები ნომინანტის გამოვლენის შემდეგ ხდებოდა და ჩემი მიზანი ყოველთვის ამ ტრადიციის პატივისცემა იყო. მე თეთრი სახლის დაბრუნებისა და ნოემბრის კენჭისყრაზე რესპუბლიკელის არჩევის ერთგული ვრჩები”, – თქვა მაკდანიელმა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. პარტიის ლიდერმა იქვე მადლობა გადაუხადა ტრამპს და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ძალაში 8 მარტს შევა, როცა რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს ახალი თავმჯდომარის არჩევის უფლება მიეცემა.
8 მარტამდე სამი დღით ადრე, 5 მარტს, ამერიკაში ე.წ. სუპერ-სამშაბათის იმართება. ამ დღეს 15 შტატი და შეერთებული შტატების ერთი ტერიტორია უმნიშვნელოვანეს შიდაპარტიულ არჩევნებს მართავს. სპეციალისტები მოელიან, რომ სუპერ-სამშაბათსაც, ისევე როგორც მანამდე გამართულ რესპუბლიკელთა რამდენიმე პრაიმერს და კოკუსს, დონალდ ტრამპი მოიგებს.
მაკდანიელის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლმა დონალდ ტრამპმაც მიანიშნა, რომ ნოემბერში დანიშნულ არჩევნებამდე, მას რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტში ცვლილებების გატარება სურდა. თებერვლის დასაწყისში მაკდანიელთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ მედიაში RNC-ს ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს სამხრეთ კაროლინაში 24 თებერვლის პრაიმერის შემდეგ უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპმა შაბათს გაიმარჯვა.