ტრამპის გაზრდილი ტარიფები ალკოჰოლური სასმელების ევროპელ მწარმოებლებს მწარე გემოს უტოვებს.
ამერიკულ ვისკიზე ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 50-პროცენტიანი გადასახადის საპასუხოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი საყვარელი სატარიფო იარაღი ევროკავშირის ღვინოებისა და სხვა სპირტიანი სასმელების წინააღმდეგ მიმართა. ევროკავშირიდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე 200-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ ტრამპის მუქარის აღსრულება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ევროპულ ბაზარს, რომლის მოცულობაც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, 2023 წელს 10 მილიარდი დოლარი იყო. ვინაიდან შეერთებული შტატები ევროპული ალკოჰოლის N1 ბაზარია, შესაბამისად, მისი სხვადასხვა სექტორი დიდი რისკის ქვეშ დგება.
WTO-ს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მევენახეებმა 2023 წელს აშშ-ში დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნეს, რაც მათი ექსპორტის დაახლოებით მესამედს შეადგენს. საფრანგეთის საბაჟოს ცნობით, 2024 წელს, ევროპის მთლიანი ექსპორტიდან დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარი ფრანგულ ღვინოზე მოდიოდა. ამჟამად ღვინის ექსპორტზე აშშ-ში 0,8 პროცენტიანი ტარიფი მოქმედებს. საფრანგეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციის (FEVS) განცხადებით, ეს ერთი ბოთლის ღირებულებას, საშუალოდ, მხოლოდ 10 ამერიკული ცენტით ზრდის. „200-პროცენტიანი ტარიფის შემთხვევაში, ბიზნესი გაჩერდება“, – განაცხადა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლა ოზანამმა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ცქრიალა ღვინის შეერთებულ შტატებში ექსპორტმა 2023 წელს 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ფრანგული შამპანურის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, შარშან ამერიკელ მომხმარებლებთან დაახლოებით 810 მილიონი ევროს ($880 მილიონი) ღირებულების 26,9 მილიონი ბოთლი შამპანური გაიგზავნა. კომპანია „ტაიტიგერი“ აკრიტიკებს „პოლიტიკური თამაშს“, რომელმაც შამპანური და სხვა სპირტიანი სასმელები „მძევლად აიყვანა“. ევროკავშირის ცქრიალა ღვინო შეერთებულ შტატებში ამჟამად 2-პროცენტიანი ტარიფით შედის. „ტაიტინგერის“ პრეზიდენტის, ვიტალი ტაიტინგერის თქმით, ახალი ტარიფებების ამოქმედების შემთხვევაში, ზოგიერთი ბრენდის 1 ბოთლი შამპანურის ფასი შეიძლება 60-დან 180 დოლარამდე გაიზარდოს. „ეს ფასი ამერიკელი მომხმარებლისთვის ხელმიუწვდომელი გახდება“, – დასძინა მან.
WTO-ს მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ლუდი შევიდა, რამაც ამერიკული ექსპორტის დაახლოებით 40 პროცენტი შეადგინა. ამჟამად ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ლუდით ვაჭრობა უბაჟოა. აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც აშშ-ის ლუდის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, შეერთებული შტატებისთვის უცხოური ლუდის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი „ჰაინეკენის“ სამშობლო, ნიდერლანდებია, რომელმაც 2024 წელს ოკეანის გაღმა 416 მილიონი ლიტრი სასმელი გააგზავნა. აშშ-სთვის ლუდის მთავარი მომწოდებელი კი მექსიკაა.
ირლანდიური ვისკის ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ირლანდიური ვისკის ექსპორტის ღირებულება 135 მილიონი დოლარი იყო. „სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს. ამ დავაში ჩვენი სექტორის ჩართვა საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს, ინვესტიციებს, ბიზნესს და ირლანდიური ვისკისთვის, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს“, – ამბობს ასოციაციის დირექტორი, იოინ ოკატაინი. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, რომელიც ოთხშაბათს თეთრ სახლში იმყოფებოდა, განაცხადა: „იმედია, დროთა განმავლობაში, ეს საკითხი მოგვარდება. თუმცა, გაურკვევლობა სირთულეებს ქმნის ბიზნესისთვის და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის, რაც ნამდვილად პრობლემურია“.
არყის მწარმოებელი არაერთი მსხვილი ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, შვედური „აბსოლუტი“, საფრანგეთში წარმოებული „გრეი გუსი“ და პოლონური „ბელვედერი“, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ს ბაზარზე. 1997 წლის ტრანსატლანტიკურმა შეთანხმებამ ევროპული სპირტიანი სასმელების საბაჟო გადასახადები გააუქმა. Spirits Europe-ის სავაჭრო ჯგუფის თანახმად, 2018 წლისთვის, ვიდრე ტრამპის წინა ადმინისტრაცია სავაჭრო დაპირისპირებას წამოიწყებდა, ორმხრივი ვაჭრობა 450 პროცენტით იყო გაზრდილი. დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების საბჭოს მონაცემებით, 2024 წელს ევროპელმა მწარმოებლებმა აშშ-ში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების არაყი გაგზავნეს, საიდანაც ფრანგული კომპანიების წილი 466 მილიონი დოლარი იყო, ჰოლანდიელი მწარმოებლების – 325 მილიონი დოლარი, შვედეთის – 148 მილიონი დოლარი, ხოლო პოლონეთის – 64 მილიონი დოლარი. Spirits Europe აღნიშნავს, რომ აშშ-ს მუქარით „ღრმად არის შეშფოთებული“ და ვაშინგტონსა და ბრიუსელს მოუწოდებს, „საპასუხო ზომების მიღების ციკლი“ დაასრულონ და „შეწყვიტონ ალკოჰოლური სასმელების სექტორის ბერკეტად გამოყენება იმ კონფლიქტებში, რომლებთანაც არყის მწარმოებლებს არაფერი აქვს საერთო“.
„სპირტიანი სასმელების ევროკავშირის კომპანიებმა სოლიდური ინვესტიციები განახორციელეს აშშ-ს წარმოებაში, მათ შორის ამერიკულ ვისკიში, მეორე მხრივ კი, აშშ-ს სპირტიანი სასმელების კომპანიები ფლობენ სპირტის სახდელებს მთელ ევროკავშირში“, – ნათქვამია Spirits Europe-ს განცხადებაში.
დარგობრივი ასოციაცია BNIC-ის მონაცემებით, საფრანგეთის კონიაკის სექტორში გასულ წელს დაახლოებით 70 000 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი. აშშ-ს დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების საბჭოს ცნობით კი, 2024 წელს საფრანგეთმა შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონიაკი შეიტანა. ამ ელიტულ სასმელზე უკვე იმოქმედა ჩინეთის მიერ ევროკავშირის ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ ანტიდემპინგური გამოძიების დაწყებამ, რაც ცალკე დავის ნაწილია. დარგობრივი ასოციაციის მონაცემებით, კონიაკის გაყიდვები ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში მას შემდეგ 25 პროცენტით შემცირდა.
წყარო: 1 არხი
