ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ კუბაში, გუანტანამოს საპატიმროში, მიგრანტების გადაყვანას მომდევნო 30 დღის განმავლობაში დაიწყებს – ამის შესახებ ტომ ჰომანმა, აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ისაუბრა.
“იმედია, მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხალხის იქ გადაყვანას შევძლებთ”, – უთხრა მან ადგილობრივ მედიას.
ჰომანის თქმით, იგი გუანტანამოს ციხეს თავად ეწვევა მიმდინარე კვირაში, რათა შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს დაჩქარებული სამშენებლო სამუშაოები.
საქმე ისაა, რომ 29 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონსა და უშიშროების დეპარტამენტს მოუწოდა, გუანტანამოს ყურეში მიგრანტთა საპატიმრო დაწესებულება მოემზადებინათ, რომელიც 30 000-მდე ადამიანს დაიტევდა.
აშშ-ის სამხედრო ბაზა გუანტანამოში უკვე მოიცავს მიგრანტთა საპატიმროსაც, თუმცა მას ათწლეულების განმავლობაში იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ. ტომ ჰომანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე არსებულ სამხედრო ბაზას გააფართოებს, საპატიმრო დაწესებულებას კი საიმიგრაციო სამსახური უხელმძღვანელებს.
ტრამპის განცხადებით, საპატიმრო ისეთი მიგრანტებისთვის შენდება, რომლებიც “ყველაზე უარესი კრიმინალი უცხოპლანეტელები არიან და საფრთხეს უქმნიან ამერიკელ ხალხს”. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანის შემთხვევა იმდენად მძიმეა, რომ მშობლიურ ქვეყნებში დეპორტაციაც არ განიხილება: “ვერ ვენდობით ქვეყნებს, რომ ისინი შეაკავებენ მათ და რადგან მათი დაბრუნება არ გვსურს, გუანტანამოში გავგზავნით”.
მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, ტომ ჰომანი აღნიშნავს, რომ ნაცვლად 30 000 მიგრანტისა, პირველ ეტაპზე გუანტანამოში გაცილებით ნაკლებ პატიმარს გადაიყვანენ.