ომი აიძულებს ხალხს, აირჩიონ მხარე და დონალდ ტრამპი, როგორც ევროპაში ბევრს ეჩვენება, ვლადიმერ პუტინის მხარეს დგას, – წერს გამოცემა Politico.
გამოცემა წერს, რომ „ევროპელი პოლიტიკოსები იწყებენ იმის გააზრებას, თუ რამდენად შეიცვალა მათი სამყარო: ისინი ახლა უნდა გაუმკლავდნენ ამერიკას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სკეპტიკურად არის განწყობილი და უარეს შემთხვევაში მტრულად მათი სამყაროს მიმართ. თუ არსებობდა რაიმე მუდმივი ეჭვი ევროპაში მტრების შექმნისთვის დონალდ ტრამპის მზაობის შესახებ, მან ეს დაასრულა მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომის “დაწყებაში” დაადანაშაულა. სამი წლის წინ პუტინის არაპროვოცირებული შეჭრის ფაქტის ასეთმა უხეშმა დარღვევამ შოკში ჩააგდო რეგიონში ამერიკის ყველაზე ერთგული მეგობრებიც“.
„ახლა ჩვენ გვაქვს ალიანსი რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც ევროპის განადგურება სურს, და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რომელსაც ასევე სურს ევროპის განადგურება. ტრანსატლანტიკური ალიანსი დასრულდა“, – ამბობს ევროპელი დიპლომატი გამოცემასთან საუბრისას.
Politico წერს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შემდეგ, თეთრი სახლის ახალი ბინადარი პუტინის ხაზებს ახმოვანებს. მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა არჩევნების არ დანიშვნის გამო და აღიარა, რომ ომის შედეგი დიდად არ აინტერესებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამშაბათს საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში მომავალი თანამშრომლობისა და ინვესტიციების შესაძლებლობებზე – მაშინ, როცა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდზე შეთანხმდა.
