ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ავტომწარმოებლებისთვის ტარიფების ნაწილობრივ შემცირებას გეგმავს. ცვლილებების მიზანია, შემსუბუქდეს ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებიც ავტომობილებს აშშ-ში აწყობენ, თუმცა ამისთვის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნაწილებს იყენებენ.
3 მაისიდან ავტომწარმოებლებს 25%-იანი ტარიფის გადახდა მოუწევთ იმ უცხოურ კომპონენტებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში მანქანების წარმოებისთვის გამოიყენება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ცვლილება მათ შესაძლებლობას მისცემს, ამ გადასახადის ნაწილი უკან დაიბრუნონ – კონკრეტულად კი, შეუძლიათ ავტომობილის მთლიანი ღირებულების 3.75%-მდე კომპენსაცია მიიღონ. როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპენსაციის პროცენტი მომდევნო წელს შემცირდება და შემდეგ წელს მთლიანად გაუქმდება.
გარდა ამისა, იმ ავტომწარმოებლებს, რომლებიც საკუთარ მანქანებს უშუალოდ აშშ-ში აწყობენ, ექნებათ სპეციალური შეღავათი – მათ არ მოუწევთ 25%-იანი ტარიფის გადახდა იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე. ამ ნაბიჯით თავიდან იქნება არიდებული ტარიფების ერთმანეთზე დამატება და კიდევ უფრო დამძიმება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომწარმოებლები, რომლებმაც უკვე გადაიხადეს ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, სავარაუდოდ, თანხას უკან მიიღებენ.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლს ცვლილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის მიცემულ კომენტარში მიანიშნა. „ეს შეთანხმება პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან ის აჯილდოებს კომპანიებს, რომლებიც პროდუქციას ადგილობრივად აწარმოებენ და ამავდროულად, ავითარებს შესაძლებლობებს იმ მწარმოებლებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, ამერიკაში ინვესტიციები განახორციელონ და შიდა წარმოება გააფართოონ“, – განაცხადა ლუტნიკმა.
forbes.ge
