მას შემდეგ, რაც ტრანზიტულ მარშრუტებზე დასაქმებულმა ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს, მათ ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. მძღოლები ჩივიან, რომ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემს. მათი თქმით, უწყება ნებართვებს “შავი ბაზრის” გავლით ყიდის.
“არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვევა”, – თქვა ერთ-ერთმა მძღოლმა.
სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრმა პირობა დადო, რომ საკითხს შეისწავლიან. უწყების განმარტებით, ტრანზიტული გადაზიდვებისთვის ნებართვები ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე თანაბრად გაიცემა.
“შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხის დარეგულირებისთვის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე “დაშლას” არ აპირებენ.
